Accessibility links

logo-print

რადიო თავისუფლებამ დახურა ბაქოს ბიურო


რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ ბაქოს ბიურო დახურა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ის შარშან დეკემბერში დალუქა უცხოური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მთავარი რედაქტორის, ნენად პეიჩის 22 მაისის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „უკანონოდ და თვითნებურად იმოქმედა“, რითაც მძიმე პრობლემები შეუქმნა აზერბაიჯანში რადიო თავისუფლების თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს. პეიჩი აღნიშნავს ასევე, რომ რადიო მზად არის, მიმართოს ყველა ზომას თავისი უფლებებისა და ინტერესების, ისევე როგორც თანამშრომლების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ასეთი ზომები მიზანშეწონილად არის მიჩნეული აზერბაიჯანის ხელისუფლების ისეთი მოქმედებების გამო, როგორიც არის რეიდი რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში, დოკუმენტებისა და ტექნიკური მოწყობილობების კონფისკაცია სათანადო სამართლებრივი პროცედურების გარეშე, ბიუროს თანამშრომლების დაკავება ადვოკატების დაუსწრებლად, სასამართლო სხდომებიდან ბაქოს ბიუროს ინტერესების დამცველის გაძევება, მუქარა რადიო თავისუფლების თანამშრომლების ნათესავების მიმართ და ზოგიერთი თანამშრომლის გადაადგილების შეზღუდვა. ამასთან, ბაქოს ბიუროს დახურვის მიუხედავად, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული რედაქცია განაგრძობს მუშაობას და მაუწყებლობას ციფრული და სატელიტური პლატფორმებით.

XS
SM
MD
LG