Accessibility links

logo-print

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ერაყის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა დაუდასტურა


25 მაისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დაურეკა ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მხარდაჭერა. ჯოზეფ ბაიდენმა პატივი მიაგო ერაყის ძალების მიერ გაღებულ „განუზომელ მსხვერპლს“ და შეაქო მათი სიმამაცე. ბაიდენის სატელეფონო ზარი მოჰყვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ეშტონ კარტერის კრიტიკულ განცხადებებს ერაყის არმიის შესახებ, რამადის დაკარგვის გამო და ერაყის პრემიერ-მინისტრის მკვახე პასუხს კარტერის მიმართ. „ერაყის ძალებს უბრალოდ არ გამოუვლენიათ ბრძოლის ნება“, - განუცხადა ეშტონ კარტერმა 24 მაისს „სი-ენ-ენს“. „ისინი დიდად ჭარბობდნენ მოწინააღმდეგის ძალებს და მაინც დატოვეს ადგილი“. ერაყის პრემიერ-მინისტრმა „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო ეშტონ კარტერის „მოულოდნელი“ დახასიათება, რომელიც იმ დროს გაისმა, როდა ერაყის ძალები კონტრიერიშზე გადავიდნენ და რამადისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ქალაქი დაიკავეს. „დარწმუნებული ვარ მას მცდარი ინფორმაციით კვებავდნენ“, - განაცხადა აბადიმ კარტერზე. ერაყის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა კი აღნიშნა: „ნუ განვსჯით მთელ ჯარს ერთი ინციდენტით“. თეთრმა სახლმა საჭიროდ ჩათვალა ვითარების გამოსწორება აბადისთან, რომელთანაც პრეზიდენტ ობამას ურთიერთობის დადებითად წარმართვა სურს, ერაყში აშშ-ის როლის გამო არსებული დაძაბულობის მიუხედავად. „ვიცით, რომ რამადიდან ერაყის ძალების უკანდახევას წინ უძღოდა თვითმკვლელთა მიერ მოწყობილი აფეთქებების ინტენსიური ტალღა. ბრძოლის ნების დეფიციტზე მინიშნება ამ კონკრეტულ ეპიზოდს ეხება“, - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია.

XS
SM
MD
LG