Accessibility links

logo-print

დუმის დეპუტატი არასამთვრობო ორგანიზაციების შემოწმებას ითხოვს


რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრმა ვიტალი ზოლოჩევსკიმ, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმეთა კომიტეტის წევრიც არის, ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით - შეამოწმონ რამდენიმე ორგანიზაცია. ზოლოჩევსკის სურს, რომ პროკურატურამ შეისწავლოს „კარნეგის ფონდის“, „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“, „ჰიუმან რაიტს უოჩის“. „ამნესტი ინტერნეიშენალისა“ და ფონდ „მემორიალის“ საქმიანობა. მოთხოვნის საფუძველი კი არის ის, რომ, დეპუტატის აზრით, ეს ორგანიზაციები „წარმოადგენენ საფრთხეს რუსეთში კონსტიტუციური წყობისთვის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“. ასეთი ინფორმაციის გამოვლენისა და დადასტურების შემთხვევაში, დუმის წევრი ითხოვს ჩამოთვლილი ორგანიზაციების გამოცხადებას არასასურველ ორგანიზაციებად რუსეთის ტერიტორიაზე და კანონის შესაბამისად მოქმედებას. გასულ შაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს არასასურველი ორგანიზაციების შესახებ. კანონის თანახმად, არასასურველად შეიძლება ჩაითვალოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც „წარმოადგენს საფრთხეს კონსტიტუციური წყობისთვის, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის“. შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს გენერალური პროკურორი, ან მისი მოადგილე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. არასასურველი ორგანიზაციების სიას ადგენს და აქვეყნებს იუსტიციის სამინისტრო.

XS
SM
MD
LG