Accessibility links

logo-print

აშშ-ის პროკურატურა: ფიფამ ქრთამი აიღო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამო


აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ფიფას აღმასრულებელმა პირებმა ქრთამი აიღეს, რათა დახმარებოდნენ სამხრეთ აფრიკას, 2010 წელს ამ ქვყანაში ჩატარებულიყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი. გენერალურმა პროკურორმა, ლორეტ ლინჩმა განაცხადა, რომ ქრთამი იყო გარეული ასევე 2011 წელს ფიფას პრეზიდენტის არჩევისას, ისევე როგორც 2016 წელს აშშ-ში ამერიკის თასის გათამაშების მასპინძლობის საქმეში. შვეიცარიის გენერალური პროკურატურის კანცელარიამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ფეხბურთში მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატის ფინალური ტურნირების მასპინძლობის უფლების მინიჭების პროცედურის დროს ძალაუფლების გადამეტებასა და ფულის გათეთრებაში. ამ წლებში ტურნირის გამართვის უფლება მოიპოვეს რუსეთმა და კატარმა. მზად ვართ ყველაფრის საჩვენებლად, ჩვენ მუდამ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდითო, განაცხადა, რუსეთის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ ასოშიეიტედ პრესთან საუბარში. შვეიცარიის პროკურატურის თანახმად, გამომძიებლებმა, მასალები, მონაცემები და დოკუმენტები ამოიღეს ფიფას საკომპიუტერო სისტემიდან. ფიფას წარმომადგენლებმა ეს უარყო. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ შვეიცარიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი. მათ კორუფციის ბრალდება წაყენებული აქვთ აშშ-შიც. ყველა დავაკებული, რომელთა შორის არ არის ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, აშშ-ში ექსტრადიციის გადაწყვეტილებას მოელიან. ფიფას წარმომადგენლის თქმით, ბლატერი მშვიდადაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კოლეგების დაკავება არ გახარებია. ციურიხში დაკავებულებს შორის უმაღლესი თანამდებობა, ფიფას ვიცე-პრეზიდენტისა, უკავია ჯეფრი უებს, აღმასრულებელი კომიტეტის წევრს, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფეხბურთის ფედერაციების, კონკაკაფის პრეზიდენტს. 29 მაისს ფიფას წევრები ციურიხში შეიკრიბებიან, რათა ახალი პრეზიდენტი აირჩიონ.

XS
SM
MD
LG