Accessibility links

უენდი შერმანი თანამდებობას ზაფხულში დატოვებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა თანახმად, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც ბირთვულ საკითხებში აშშ-ის მთავარი მომლაპარაკებელია, დატოვებს თანამდებობას მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გრძელვადიანი შეთანხმებით დასრულდება. მისი მიღწევის ვადად 30 ივნისია დასახელებული. შერმანი ბოლო ორი წლის განმავლობაში უძღვებოდა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროპაში გამართული ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებების დიდ ნაწილს. თანამდებობაზე შერმანის ყოფნის დროს 2013 წლის ნოემბერში მხარეებმა მიაღწიეს შუალედურ შეთანხმებას, მიმდინარე წლის აპრილში კი ჩარჩო-შეთანხმებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც 30 მაისს თავის ირანელ კოლეგა მოჰამედ ჯავად ზარიფთან ერთად მოლაპარაკების დასკვნით რაუნდს დაიწყებს, შერმანს უწოდა თავისი გუნდის „მნიშვნელოვანი“ წევრი და შეაქო მისი „სიმტკიცე და ოსტატობა“. „ეს იყო გრძელი ორი წელიწადი“, - განუცხადა შერმანმა „ნიუ იორკ ტაიმსს“. მან ირანთან შეთანხმებისკენ მიმართული პროცესი „რუბიკის კუბიკის“ აწყობას შეადარა, როცა ერთმანეთთან დაკავშირებული ბევრი ნაწილი ერთმანეთს უნდა მოარგო.

XS
SM
MD
LG