Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიისა და ალბანეთის პრემიერებმა ურთიერთობების გაუმჯობესების პირობა დადეს


სერბიისა და ალბანეთის პრემიერ-მინისტრებმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა და ედი რამამ განაცხადეს, რომ ითანამშრომლებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. 27 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სერბმა ლიდერმა განაცხადა: „ჩვენი მთავრობის საქმეა, იმზიროს მომავლისკენ, ხოლო მომავალი ჩვენთვის ნიშნავს კარგ ურთიერთობებს ალბანეთთან“. ედი რამამ თქვა, რომ მის ქვეყანასა და სერბიას აქვთ „ისტორიული შესაძლებლობა, დააბრუნონ რეგიონში მშვიდობა და ხელი შეუწყონ თანაცხოვრებას“. ვუჩიჩიც და რამაც აღიარებენ განსხვავებულ პოზიციებს კოსოვოს საკითხზე, თუმცა ირწმუნებიან, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შესაძლებელია გაუმჯობესდეს ერთობლივი პროექტების საფუძველზე, მათ შორის - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა, რომელიც ალბანეთისა და სერბიის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. ვუჩიჩი სერბიის მთავრობის პირველი მეთაურია, ვინც ალბანეთს ეწვია. შარშან ნოემბერში რამა იმყოფებოდა სერბიაში. ალბანეთსა და სერბიას შორის ურთიერთობა კვლავაც დაძაბულია, ძირითადად სერბიის ყოფილ პროვინცია კოსოვოს საკითხზე. 2008 წელს კოსოვოს ალბანურმა უმრავლესობამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც დღეისთვის გაეროს წევრი 109 ქვეყნის მიერ არის აღიარებული. სერბია (ისევე, როგორც საქართველო) კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG