Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ ნიუ-იორკში მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებისას ჟურნალისტთა დაცვის საკითხებს მიეძღვნა. სხდომაზე გამოსვლისას დავით დონდუამ აღნიშნა, რომ გაერო უფრო ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს, რათა კონფლიქტურ სიტუაციებში მომუშავე ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო ძალადობისგან. "ჟურნალისტთა დაცვის უზრუნველყოფა იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხშირად პირველნი არიან, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობას ამა თუ იმ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას აწვდიან პირადი უსაფრთხოებისა და ხშირად სიცოცხლის ფასადაც“, - განაცხადა დავით დონდუამ. მისივე თქმით, საქართველომ თავად გამოსცადა ეს ტრაგედია, როცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა ოთხი ჟურნალისტი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დავით დონდუამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმა ემსახურება არა მხოლოდ ადამიანთა შორის კონტაქტებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობისთვის ხელისშეშლას, არამედ იმასაც, რომ არ დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გაშუქება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს უშიშრების საბჭოს შეახსენა, რომ 2014 წლის აპრილში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს სამი ქართველი ტელეჟურნალისტი, რომლებიც მავთულხლართების გაბმის თემაზე რეპორტაჟს ამზადებდნენ. დავით დონდუას თქმით, გაეროს ვალდებულებაა ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ სამხედრო ოკუპაციის რეჟიმი არ ათავისუფლებს მხარეს იმ პასუხისმგებლობისგან, რასაც ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ჰქვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა მანიპულაციით და დეზინფორმაციის გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეზეც, როცა სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკიდურესი ნაციონალიზმის პროპაგანდას ეწევიან და ცდილობენ გაამართლონ უცხო ქვეყნების ტერიტორიათა მიტაცება და ანექსია.

XS
SM
MD
LG