Accessibility links

logo-print

ფიფას და ბლატერს სთხოვენ რეფორმირებას და არჩევნების გადადებას


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ მწვავედ გააკრიტიკეს ფიფა და გამოვიდნენ მოწოდებით გადაიდოს ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები. ლორან ფაბიუსმა 28 მაისს განაცხადა, „კეთილგონივრული იქნება“ ციურიხში ფიფას ოფიციალური პირების დაპატიმრების შემდეგ გადაიდოს არჩევნები, რომელიც 29 მაისისთვისაა დანიშნული და რომელზეც მეტოქეები არიან ამჟამინდელი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი და პრინცი ალი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰემონდმა ბიბისის 28 მაისს უთხრა, რომ ფიფაში სერიოზული პრობლემებია და მას რეფორმა ჭირდება. ფიფას პრეზიდენტის არჩევნების ექვსი თვით გადადებას ითხოვს უეფაც. მსოფლიო ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ბლატერს მოუწოდებენ გადადგეს, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე. ციურიხში ბლატერმა გააუქმა 28 მაისისთვის დანიშნული გამოსვლა ფეხბურთის სამედიცინო კონფერენციაზე. 28 მაისს, საღამოს, მან ციურიხში ფიფას კონგრესი უნდა გახსნას. უეფა აცხადებს, რომ ღონისძიებას ბოიკოტს გამოუცხადებს. შვეიცარიამ 27 მაისს ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააპატიმრა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ამავე დროს, დაიწყო გამოძიება მექრთამეობის და ფულის გათეთრების ვარაუდებზე, რომლებიც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების რუსეთისთვის და ყატარისთვის მინიჭებას. ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ 28 მაისს განაცხადა, ფიფას შემდეგმა პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ქვეყნებმა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები უნდა დაიცვანო.

XS
SM
MD
LG