Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარიფი იმედოვნებს, რომ ბირთვული შეთანხმება „კეთილგონივრულ“ ვადაში გაფორმდება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი იმედოვნებს, რომ თეირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები „კეთილგონივრულ ვადაში“ მიაღწევენ საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას. თუმცა ზარიფი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით ირანისთვის „გადაჭარბებული მოთხოვნების“ წაყენების თაობაზე. ათენში მყოფმა ზარიფმა 28 მაისს განაცხადა, თუ მეორე მხარე პატივს სცემს [ლოზანაში] მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას და შეეცდება ირანთან ორმხრივ პატივისცემაზე დამყარებული, ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების პროექტის შექმნას, მაშინ ნებისმიერი დაწესებული ვადის დაკმაყოფილებას შევძლებთო. აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა 2 აპრილს მიაღწიეს წინასწარ ბირთვულ შეთანხმებას ირანთან, თუმცა რამდენიმე საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მისაღწევ ვადად 30 ივნისი დააწესეს. ზარიფი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი 30 მაისს ჟენევაში გამართავენ შეხვედრას. საფრანგეთმა 27 მაისს განაცხადა, რომ მზადაა დაბლოკოს ირანთან საბოლოო შეთანხმება, თუკი თეირანი გაეროს ბირთვულ ინსპექტორებს შეუზღუდავს ობიექტების, მათ შორის სამხედრო ბაზების, შემოწმების საშუალებას. ამ გაფრთხილების ფონია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული განცხადება, რომ ირანის სამხედრო ობიექტების შემოწმების უფლება არ იქნება გაცემული.

XS
SM
MD
LG