Accessibility links

პრემიერი: „ათონელის რეზიდენციის“ საკითხი თავად პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს


თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის გამოყენების საკითხი თავად პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ჩათვლის, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ქონება და ბიუჯეტი ეფექტურად უნდა განკარგოს, ის არანაირ სამართლებრივ მექანიზმებს არ გამოიყენებს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია არ დაზარალდეს სახელმწიფოს და ინსტიტუტების იმიჯი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, მისასალმებელი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას, რომლის რეკონსტრუქციისთვის მთავრობამ 26 მილიონი ლარი დახარჯა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უფუნქციოდ დარჩეს ათონელის ქუჩაზე მდებარე ძვირად ღირებული შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსის გამო ვერ გაყიდის. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს შენობის პრობლემა აქვს არაერთ სახელმწიფო დაწესებულებას, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელოვნების და თბილისის მუზეუმებს და ხელნაწერთა ცენტრს. რაც შეეხება ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციისადმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ პოზიცია უცვლელია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობას განაგრძობს.

XS
SM
MD
LG