Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა 30 მაისი, 2015


ბოლო დღეებში უცხოეთის პრესაში ერთი თემა დომინირებს: სკანდალი ფიფაში, რომელიც მოჰყვა 27 მაისს შვეიცარიაში ფიფას შვიდი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. პუბლიკაციების უდიდესი ნაწილი ცხადყოფს, რომ ფიფას და მის პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს, არც აქამდე ჰქონდათ შესაშური რეპუტაცია.

„ნიუ იორკ ტაიმსში“ ვკითხულობთ: „უკვე წლებია, ფიფა, რომლის შემოსავლებმაც 2011-2014 წლებში 5,7 მილიარდი დოლარი შეადგინა და რომელიც, უმეტესწილად, დახურულ კარს მიღმა საქმიანობს, კრიტიკის სამიზნეა. მრავალი ბრალდება გამოუთქვამთ ჟურნალისტებსა და ინფორმატორებს (ე. წ. უისლბოლუერებს). აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ქრთამის აღებისათვის გაურიცხავთ, მაგრამ ამას რეფორმები არ მოჰყოლია. ამჯერად ფიფა არ შეიძლება ისე მოიქცეს, თითქოს საქმე რამდენიმე კორუმპირებულ მაღალჩინოსანს ეხებოდეს. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ბლატერის დაუყოვნებლივ გადაყენება და ფიფას რესტრუქტურიზაცია. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლებად რუსეთისა და კატარის არჩევა უმკაცრესად უნდა იქნეს გამოძიებული. ამას გარდა, უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება კატარის შესახებ“.

კორუფციას ფიფაში რომ სისტემური ხასიათი აქვს, ამ მოსაზრებას იზიარებენ არგენტინის გაზეთ „ნასიონშიც“: „იმედია, აშშ-ის უწყებების მიერ წარმოებული გამოძიება არგენტინის სამართალდამცავ სტრუქტურებსაც აიძულებს ბოლო მოუღონ ბინძურ გარიგებებსფეხბურთში. ასეა თუ ისე, შეერთებული შტატები სამი არგენტინელის ექსტრადიციასაც მოითხოვს. ჩვენი ქვეყანა, სადაც ფეხბურთი კვლავაც ეროვნულ სპორტად არის აღიარებული, წესით, მოწინავეთა რიგებში უნდა იდგეს, როცა საქმე ეხება ისეთი კორუმპირებული ორგანიზაციის რეფორმირებას, როგორიც ფიფაა“.

ფიფას მმართველ ჯგუფს ვატიკანს ადარებს პრაღის გაზეთი „ლიდოვე ნოვინი“ და, აი, რატომ: „ის ისეთივე დახურულია, გასაიდუმლოებული და რეგიონალური ინტერესებით მოცული. აქაც, როგორც ჩანს, მოქმედებს უცდომლობის დოგმა. აქაც (როგორც ვატიკანში) არ არსებობს არც ოპოზიცია და არც დემოკრატიული არჩევნები. სამაგიეროდ, ყოველ კანდიდატს ჰყავს თავისი ლობი. ფიფას არსებობის 111-წლიან ისტორიაში, მის სათავეში მხოლოდ რვა კაცი იდგა. ამავე პერიოდში მსახურობდა 11 პაპი. ამ დაბეტონებულ ვითარებაში ვერც ამერიკელი გამომძიებლები შეძლებენ, ვერც ქვეყნების მთავრობები და ვერც ფეხბურთის გულშემატკივრები რაიმეს შეცვლას. ფიფას დიდ სპონსორებს კი მართლაც შეუძლიათ ცვლილების მიღწევა“.

ჩვენი შემდეგი თემაა ახალი პრეზიდენტის არჩევა პოლონეთში. 24 მაისს არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი დამარცხდა კონკურენტთან, კონსერვატიულ პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წარმომადგენელ ანჯეი დუდასთან.

აი, რას წერს პოლონეთის მეზობლად, ლიტვაში გამომავალი გაზეთი „ლიეტუვოს რიტასი“: „არჩევნებში დუდას გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია ლიტვისთვისაც. ორ ქვეყანას აკავშირებს ხანგრძლივი საერთო ისტორია, ისევე როგორც რუსეთის მეზობლობის გამოცდილება. ორივე ქვეყანა ძირითადად კათოლიკურია და ერთმანეთის მსგავსი ცხოვრების დონე აქვთ, ისევე როგორც სოციალური პრობლემები. ახლა პოლონელებმა აჩვენეს, რომ კმაყოფილი არ არიან თავიანთი მდგომარეობით და ცვლილება სურთ“.

პოლონეთში ახალი პრეზიდენტის არჩევას გამოეხმაურნენ შორეულ ჩინეთშიც. გაზეთ „ჟენმინ ჟიბაოში“ ვკითხულობთ: „’სამოქალაქო პლატფორმის’ რვაწლიანი მმართველობის შემდეგ, დიდი ეკონომიკური წარმატებების მიუხედავად, პოლონელებს, როგორც ჩანს, ცვლილებები და რეფორმები სურთ. ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი იმაზე, თუ როგორ აპირებს სახელმწიფოს ახალი მეთაური ანჯეი დუდა ქვეყნის გარდაქმნას. ის კი მოსალოდნელია, რომ ის პოლონეთის ინტერესებს დააყენებს ევროპულ ინტეგრაციაზე მაღლა, რომ ის ევროკავშირში გერმანია-საფრანგეთის დომინანტური როლის წინააღმდეგია და რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ზომებს მოითხოვს“.

ბოლოს ერთი კომენტარი რუსეთის უარზე, ამ რამდენიმე დღის წინ თავის ტერიტორიაზე შეეშვა გერმანიის პარლამენტის წევრი, კანცლერ ანგელა მერკელის თანაპარტიელი კარლ-გეორგ ველმანი, რომელიც აკრიტიკებს უკრაინის მიმართ მოსკოვის პოლიტიკას.

უკრაინის გაზეთი „ნოვოე ვრემია“ წერს: „რუსეთი იყო და არის ჩაკეტილი საზოგადოება. კრემლში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო გამეფებული ტოტალური უნდობლობა ყველა უცხოელის მიმართ. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ბოლო საუკუნეებში კიდევ უფრო გაძლიერდა. საბჭოთა პერიოდში ანტიდასავლურმა ტენდენციამ პათოლოგიური მასშტაბი შეიძინა. ჩაკეტილ საზოგადოებას გარე სამყაროსი ეშინია და მის მიმართ უკიდურესად მტრულად არის განწყობილი. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია რუსეთში კარლ-გეორგ ველმანისა და სხვა პოლიტიკოსების ჩასვლის აკრძალვაზე. უბრალო მოწოდებები საკმარისი არ არის - კრემლზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა ასეთი რბილი რეაქცია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG