Accessibility links

logo-print

ევროპაში იზრდება კრიტიკა რუსეთის მიმართ პოლიტიკოსების შავი სიის გამო


ევროპის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ მოსკოვს იმ სიის გამო, რომელშიც კრემლმა შეიტანა იმ ევროპელი პოლიტიკოსების გვარები, რომლებსაც რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენლის თქმით, სია, რომელშიც 89 პირის გვარია შეტანილი, რუსეთის ხელისუფლებამ გადასცა ევროკავშირის ქვეყნებს. ევროკავშირი, ამავე ცნობით, რუსეთის ნაბიჯს მიიჩნევს სრულიად თვითნებურად და გაუმართლებლად. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა განაცხადა, რომ შავი სია ორმხრივ ნდობას კიდევ უფრო გააუარესებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლონდონში განაცხადა, რომ თუ რუსეთს განუზრახავს, ევროკავშირზე ზეწოლა, რათა სანქციები გაუქმდეს, მაშინ კრემლის ახლანდელი ქმედება მხოლოდ საპირისპირო შედეგს მოიტანს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრიომმა სინანული გამოხატა, რომ მოსკოვის ქცევა არ აუმჯობესებს რუსეთის იმიჯს. ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერტ კუნდერსმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და მოსკოვის ქმედებაში სრული გამჭვირვალობა და ამ სიის შექმნის მიზეზეის განმარტება მოსთხოვა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმო სოინიმ თავის ბლოგში დაწერა, რომ რუსეთის ასეთი ქმედება მოსალოდნელი იყო იმის გამო, რომ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლებს აეკრძალათ შესვლა. სიის გამო ბერლინმაც მოთხოვა განმარტება კრემლს. მოსკოვს 28 მაისს გამოქვეყნებული სიის გამო კომენტარი არ გაუკეთებია. სიაში იმ პირების გვარებია შეტანილი, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ პუტინს ყირიმის ანექსიის და უკრაინაში მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG