Accessibility links

logo-print

ლავროვი: სანქციები მიმართულია უკრაინაში „სახელმწიფო გადატრიალების“ მომხრეთა წინააღმდეგ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვის სანქციები მიმართულია იმ ევროპელი მოღვაწეების წინააღმდეგ, ვინც აქტიურად მიემხრო "სახელმწიფო გადატრიალებას" უკრაინაში. ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა ევროკავშირის კრიტიკას გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც შავ სიაში შეყვანილ 89 ევროპელ პოლიტიკოსს არ ეძლევა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება.ლავროვმა „აბსურდული“ უწოდა ბრიუსელის შეფასებას, რომ მოსკოვის ნაბიჯი „პოლიტიკურად მოტივირებულია“. „ ჩვენს მიერ შემოღებული საპასუხო სანქციები ეხებოდა მოღვაწეებს, რომლებიც უაღრესად აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის შედეგადაც რუსები უკრაინაში დევნისა და დისკრიმინაციის სამიზნედ იქცნენ“, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში, იტალიელ კოლეგა პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ლავროვმა, თავის მხრივ,„პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვას და ვიზებზე უარს 151 პირისთვის - რუსეთის მოქალაქეებისათვის და პრორუსულ სეპარატისტულ ბრძოლაში მონაწილე უკრაინელებისთვის. დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გააუარესა შარშან მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და მას შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერამ.

XS
SM
MD
LG