Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი „გრექსიტის“ საფრთხის წინაშე


რამდენიმე დღეც და საბერძნეთს მოუწევს ვალის მრავალმილიონიანი ნაწილი დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მაგრამ შიშობენ, რომ ათენს არა აქვს ამდენი ფული – 300 მლნ ევრო. 1 ივნისს ბერლინში გვიანობამდე გაგრძელდა შეხვედრა, რომლის მონაწილეებმაც კიდევ ერთხელ სცადეს საბერძნეთის საფინანსო კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა. რა ზომები იგეგმება და რა არის მოსალოდნელი მათი წარუმატებლობის შემთხვევაში?

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ კრედიტორებს შესთავაზა „რეალისტური წინადადება“ ათენის ვალებზე, უფრო ზუსტად, მათი გასტუმრების გეგმაზე შესათანხმებლად. წუხელ მათ სრული გეგმა წარვუდგინეთო,განაცხადა ციპრასმა 2 ივნისს ათენში. გეგმის დეტალები არ გასაჯაროებულა, მაგრამ ლონდონის გაზეთი „გარდიანი“, ევროკავშირში საკუთარ წყაროებზე დარყდნობით, იუწყება, რომ ათენის გეგმას დადებითი შეფასება არ მოჰყოლია.

ცნობილი არ არის არც ის, კონკრეტულად, რა საკითხები განიხილესბერლინში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 1-2 ივნისის ღამეს დასრულდა. თუმცა, ცნობილია, რომ განხილვის საგანი იყო საბერძნეთის საფინანსო კრიზისის მოგვარების გზები. ბერლინში შეიკრიბნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი – ყველა ის კრედიტორი, რომელიც 2010 წლიდან მილიარდობით დოლარს აწვდიდა გაკოტრების საფრთხის წინაშე მდგომ საბერძნეთს.

მიზანი ხომ ისიც არის, რომ ქვეყანა ისევ კონკურენტუნარიანი გახდეს, რომ ქვეყანამ თავი გაართვას მომავლის ამოცანებს. და რეფორმები - ეს ათენში, ბოლოსდაბოლოს, უნდა გააცნობიერონ - ბრიუსელის, ბერლინის, პარიზის გულის მოსაგებად კი არ ტარდება, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, საკუთარი წინსვლისთვის...
გუნტერ კრიხბაუმი

ცხადია, გამოსავალს ვერც ამჯერად მიაგნეს, რადგან ითქვა, რომ მისი ძიება ძალიან აქტიურად გაგრძელდება. საბერძნეთმა პარასკევს, 5 ივნისს უნდა გადაიხადოს 300 მლნ ევრო – ფული, რომელიც, სავარაუდოდ, არა აქვს. შედეგად მოუწევს დეფოლტის გამოცხადება და, შესაძლოა, ევროზონიდან გასვლაც. არადა, პარასკევს გასასტუმრებელი ვალი მხოლოდ ნაწილია იმ თანხის, რომელიც ათენმა ივნისის ბოლომდე უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს: სულ მისგან 1,5 მლრდ ევროს ელიან.

საბერძნეთი და მისი კრედიტორები ოთხი თვეა ცდილობენ შეთანხმების მიღწევას, აუცილებელს საიმისოდ, რომ ათენმა მიიღოს ახალი ტრანში მის დასახმარებლად შექმნილი ფონდიდან: 7,2 მლრდ ევრო. მანამდე ათენისაგან მოითხოვენ მომჭირნეობის ზომების განხორციელებას, რაზეც ამჟამინდელი მთავრობა (ულტრამემარცხენეებისა და მემარჯვენე ნაციონალისტების კოალიცია) უარს ამბობს. მათი და ექსპერტების ნაწილის აზრით, მომჭირნეობის ზომებმა, რომლებსაც წინა მთავრობა ახორციელებდა, უკიდურესად დაამძიმა სოციალური ფონი და ვერც ეკონომიკური აღმასვლა მოიტანა.

თუმცა, ამ პოზიციას ბევრი მოწინაღამდეგე ჰყავს - პოლიტიკოსები და ექსპერტები, ვინც აუცილებლად მიიჩნევს მასშტაბურ რეფორმებს: შრომის ბაზრის ლიბერალიზაციას, პრივატიზაციას, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

მომჭირნეობის ზომების მომხრეთა შორის არის გუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის პარლამენტში ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

„მიზანი ხომ ისიც არის, რომ ქვეყანა ისევ კონკურენტუნარიანი გახდეს, რომ ქვეყანამ თავი გაართვას მომავლის ამოცანებს. და რეფორმები - ეს ათენში, ბოლოსდაბოლოს, უნდა გააცნობიერონ - ბრიუსელის, ბერლინის, პარიზის გულის მოსაგებად კი არ ტარდება, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, საკუთარი წინსვლისთვის. და თავს იჩენს შეკითხვაც: რა მომავალს უმზადებ მომავალ თაობას? რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ფინანსურ ვითარებას (რომ კრიზისიდან გამოსვლის მოძებნა, შეიძლება, პირველ რიგში, მევალეების ამოცანა იყოს), არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს დიდი ვალი იქნა ჩამოწერილი, რამაც საბერძნეთს ტვირთი შეუმსუბუქა 100-მდე მილიარდი ევროთი“, – განმარტა გერმანელმა პარლამენტარმა 2 ივნისს რადიო „დოიჩლანდფუნკთან“ ინტერვიუში.

ბატონი ციპრასისა და მისი მემარცხენე პარტია „სირიზას“ ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები გერმანელები კი აღარ არიან - ჩვენ ბერლინიდან, კიოლნიდან, ან მიუნხენიდან - არამედ მადრიდი, ლისაბონი. ისინი ამბობენ: ჩვენ ხომ ურთულესი დავალებები შევასრულეთ?...
ალექსანდერ ლამსდორფი

ამასობაში, სულ უფრო ხშირად ახსენებენ ცნება „გრექსიტს“ – ტერმინს, რომელიც დამკვიდრდა ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის შესაძლებლობაზე მსჯელობისას. ტერმინი არის „საბერძნეთის“ და „გასვლის“ ინგლისური შესატყვისების კომპინაცია: Greece და Exit, ანუ Grexit.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა 28 მაისს გამოთქვა მოსაზრება, რომ „გრექსიტი“ შესაძლებელია. რა მოჰყვებოდა ამ ნაბიჯს, განმარტავს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდერ ლამბსდორფი: „თუ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს, პირველ რიგში, ისევ შემოიღებდნენ დრაჰმას, ანუ ეროვნულ ვალუტას. შემდეგ საჭირო იქნებოდა კრედიტორებთან მოლაპარაკება (რადგან ვალები, ცხადია, ვალებად დარჩებოდა) ვალების რაღაც ფორმით ჩამოჭრაზე. და გაიმართებოდა მოლაპარაკება იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ქვეყანას. საბერძნეთი ხომ ევროკავშირის წევრი დარჩებოდა! არავის, მართლა არავის სურს ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა! მიზანია ევროზონის სტაბილიზაცია, სანდოობის გარანტირება, მიზანია გვქონდეს სტაბილური ვალუტა. და საბერძნეთმა ამას ხელი უნდა შეუწყოს. და თუ ამისათვის მზად არ არის... ამისთვის მზად არის თუ არა ციპრასი, ჩვენ უბრალოდ, არ ვიცით. მაშინ საბერძნეთი უნდა წავიდეს“, - ამბობს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი აზრით (რომელიცგერმანიის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან საუბრისას გამოთქვა), სულ რამდენიმე წლის წინ „გრექსიტი“ გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან საბერძნეთს შესაძლოა, მიჰყოლოდნენ საფინანსო კრიზისით მოცული სხვა ქვეყნები ევროკავშირში - ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია. მაგრამ ამასობაში, ამ ქვეყნებმა რეფორმები განახორციელეს და ევროკავშირს შექმნილი აქვს სტაბილიზაციის მექანიზმი პრობლემების მქონე წევრების დასახმარებლად.

საბერძნეთის დახმარება, ამ ქვეყნის მიერ რეფორმების განხორციელების გარეშე, უბრალოდ, უსამართლობა იქნებოდა, – აღნიშნავს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „ბატონი ციპრასისა და მისი მემარცხენე პარტია „სირიზას“ ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები გერმანელები კი აღარ არიან - ჩვენ ბერლინიდან, კიოლნიდან, ან მიუნხენიდან - არამედ მადრიდი, ლისაბონი. ისინი ამბობენ: ჩვენ ხომ ურთულესი დავალებები შევასრულეთ? ჩვენ ხომ მოვაწესრიგეთ ჩვენი საჯარო ფინანსები? ჩვენ ხომ მოვახდინეთ შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია? ხომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ეკონომიკის სტიმულირებისათვის? და ამ ქვეყნებში მაჩვენებლები იზრდება. ამას კიდევ სჭირდება დრო, მაგრამ მაჩვენებლები იზრდება. ისინი ახლა ამბობენ: თუ თქვენ, გერმანელები, ფინელები - ისინი, ვინც დახმარებას იძლევა - თუ თქვენ საბერძნეთს არ მოსთხოვთ ამ რეფორმების განხორციელებას, მაშინ ჩვენს მოსახლეობას აუხსენით: რატომ ვიკლავდით ასე თავს? ბერძნებმა ხომ ამის გარეშეც მიიღეს, რაც სურდათ“,- აცხადებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდერ ლამბსდორფი.

ჯერჯერობით, ბერძნებს არ მიუღიათ ის, რაც სურდათ. მათი დახმარების ამჟამინდელი პროგრამა ივნისის ბოლოს იწურება და რადგან ათენს არც „გრექსიტი“ სურს, მას ძალიან მალე მოუწევს ვალის გასტუმრება ან კრედიტორებთან ახალი შეთანხმების მიღწევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG