Accessibility links

logo-print

პოროშენკო: შექმნილია აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის განახლების „კოლოსალური საფრთხე“


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილია ფართომასშტაბიანი ბრძოლის განახლების „კოლოსალური საფრთხე“. პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას პოროშენკომ თქვა, ქვეყნის არმია მზად უნდა იყოს საიმისოდ, რომ დაიცვას ქვეყანა „სრულმასშტაბიანი შეჭრისგან, რუსეთთან საზღვრის მთელი მონაკვეთის გასწვრივ“. პოროშენკომ დასძინა, რომ უკრაინაში ამჟამად 9000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. კიევი და დასავლეთი რუსეთს ბრალს სდებენ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერაში, რასაც მოსკოვი უარყოფს. პოროშენკოს განცხადებებს ერთი დღით უსწრებდა წინ მთავრობის ძალებსა და მეამბოხეებს შორის ბრძოლის ყველაზე მასშტაბური ინტენსიფიკაცია ბოლო თვეების განმავლობაში. უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური ბირუკოვმა 4 ივნისს „ფეისბუქით“ გაავრცელა ცნობა, რომ ძალადობას ემსხვერპლა სულ მცირე ხუთი სამხედრო და დაიჭრა 39. მსხვერპლის უმეტესობა მოდის ქალაქ მარიინკასთან ახლოს, სადაც, კიევის განცხადებით, სეპარატისტებმა შეტევა წამოიწყეს მთავრობის პოზიციებზე. სეპარატისტები მთავრობის ძალებს სდებენ ბრალს ბრძოლის განახლებაში და აცხადებენ, რომ არმიის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა 15 სამოქალაქო პირი და სეპარატისტი მებრძოლი. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, მინსკის საზავო შეთანხმება „მუდმივი საფრთხის ქვეშაა კიევის მთავრობის მოქმედებების გამოო.“

XS
SM
MD
LG