Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: შექმნილია აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის განახლების „კოლოსალური საფრთხე“


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილია ფართომასშტაბიანი ბრძოლის განახლების „კოლოსალური საფრთხე“.

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას პოროშენკომ თქვა, ქვეყნის არმია მზად უნდა იყოს საიმისოდ, რომ დაიცვას ქვეყანა „სრულმასშტაბიანი შეჭრისგან, რუსეთთან საზღვრის მთელი მონაკვეთის გასწვრივ“.

„ამჟამად, მხოლოდ ანტიტერორისტული ოპერაციის რეგიონში ჩვენს ქვეყანას იცავს 50,000-ზე მეტი უკრაინელი გმირი. მთლიანობაში, ჩვენ [უკრაინის] შეიარაღებული ძალების რაოდენობა 250,000-მდე გავზარდეთ. დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.“

პრეზიდენტის განცხადებებს ერთი დღით უსწრებდა წინ მთავრობის ძალებსა და მეამბოხეებს შორის ბრძოლის ყველაზე მასშტაბური ინტენსიფიკაცია ბოლო თვეების განმავლობაში.

უკრაინის არმიის პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ 4 ივნისს განაცხადა, რომ, სულ მცირე, 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 39 დაიჭრა სეპარატისტებთან 3 ივნისს მომხდარ შეტაკებებში, ქალაქ მარიინკასთან ახლოს – რომელიც 30 კილომეტრითაა დაშორებული სეპარატისტების ბასტიონს, დონეცკს.

ლისენკოს თქმით, ბრძოლებში 80 მეამბოხე მებრძოლი დაიღუპა და 100 დაიჭრა. მისი განცხადების სხვა წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.

ევროკავშირის განცხადებით, შეტაკებები წარმოადგენს თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მასშტაბურ დარღვევას ამდრომდე. ევროკავშირი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ შეტაკებებს, შესაძლოა, მოჰყვეს ძალადობის და ადამიანების ტანჯვის ახალი ტალღა.

ევროკავშირმა რუსეთი გააფრთხილა, რომ, უკრაინის პროცესებში ჩარევის გამო, მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების მომავალი დამოკიდებულია თებერვალში მინსკში მიღწეული შეთანხმების დაცვაზე. ამ შეთანხმებას „მინსკი 2-ის“ სახელით იცნობენ.

პოროშენკომ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ უკრაინაში ამჟამად 9000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. კიევი და დასავლეთი რუსეთს ბრალს სდებენ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.

უკრაინის არმიის ცნობით, სეპარატისტებმა 3 ივნისს ტანკებით და არტილერიით შეუტიეს მთავრობის პოზიციებს – რაც მინსკის მეორე შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.

სეპარატისტები მთავრობის ძალებს ადანაშაულებენ ბრძოლაში და აცხადებენ, რომ არმიის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა 15 სამოქალაქო პირი და სეპარატისტი მებრძოლი. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, მინსკის საზავო შეთანხმება „მუდმივი საფრთხის ქვეშაა კიევში მთავრობის მოქმედებების გამო“.

თუმცა, ეუთოს სამეთვალყურეო მისია აცხადებს, რომ შეამჩნია ათობით ტანკი და სხვა დაჯავშნული მანქანა, რომლებიც ბრძოლამდე და ბრძოლის დროს გადაადგილდებოდა მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილებიდან დასავლეთის მიმართულებით, კონტაქტის ხაზისკენ – მარიინკასთან ახლოს.

მისიის განცხადების თანახმად, უკრაინის სამხედრო უწყებამ ეუთოს შეატყობინა, რომ მძიმე არტილერიის გადატანა მოუწევდა კონტაქტის ხაზზე, რათა გამკლავებოდა ბრძოლით შექმნილ „რეალურ საფრთხეს“.

უკრაინის არმიამ 3 ივნისს განაცხადა, უკრაინამ თავის „საერთაშორისო პარტნიორებს“ შეატყობინა ადგილზე მძიმე შეიარაღების დაბრუნების შესახებ, რომელიც სეპარატისტების შეტევის მოსაგერიებლად იყო საჭიროო.

მძიმე შეიარაღება მინსკის მეორე შეთანხმების ფარგლებში იყო გატანილი, როგორც მცდელობა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების ხელში მყოფ ადგილებს შორის.

ევროკავშირი ბრძოლის თაობაზე ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ყველა მხარეს მოუწოდებს ზავის შესრულებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG