Accessibility links

logo-print

"ისლამურმა სახელმწიფომ" ჩაკეტა რამდენიმე კაშხალი მდინარე ევფრატზე


„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის დასავლეთში, ქალაქ რამადისთან, მდინარე ევფრატზე ზოგიერთი კაშხალი ჩაკეტეს, რითაც წყლის სასიცოცხლო ნაკადი შეუმცირდა ერაყის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას და მეამბოხეებს ეძლევათ მეტი თავისუფლება შეუტიონ სამთავრობო ძალებს. 3 ივნისის ეს ქმედება ერაყის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ათასობით ადამიანს, მათ შორის - ერაყელ სამხედროებს შეუქმნის სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტს, ხელს შეუშლის წყლის გადამამუშავებელი ობიექტების მუშაობას. საფრთხე ექმნება უშიშროების ძალებსაც, რომლებსაც რამადიზე კონტროლის დაბრუნება სურთ. თუკი წყლის დონე მნიშვნელოვნად დაეცემა, „ისლამური სახელმწიფოს“ მეამბოხეებს შეეძლებათ ევფრატის ქვეითად გადალახვა და მდინარის გასწვრივ და ახლომდებარე ჰაბანიას სამხედრო ბაზაზე დაბანაკებულ ჯარზე იერიშის მიტანა. აღნიშნული ბაზა მოიაზრება როგორც საწყისი წერტილი რამადის დასაბრუნებლად საპასუხო იერიშის დასაწყებად. „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება პირველად არ იყენებს წყალს იარაღად. გასულ ზაფხულში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხელში ჩაიგდო მოსულის კაშხალი - ყველაზე მაღალი ერაყში და ბაღდადსა და სხვა ქალაქებს დატბორვით დაემუქრა. თუმცა, ერაყისა და ქურთთა ძალებმა მოგვიანებით დაიბრუნეს ობიექტი.

XS
SM
MD
LG