Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომისობა – მსხვერპლშეწირვის ტრადიცია


ლომისობა
ლომისობა

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად,ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. სწორედ მსხვერპლშეწირვის გამო, ამ ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ. მიუხედავად ამისა, ლომისობის დღესასწაული ყოველწლიურად, ჩვეულებისამებრ, აღინიშნება. უფრო დაწვრილებით 2015 წლის ლომისობის შესახებ გიორგი გოგუა და თეა თოფურია მოგიყვებიან.

სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იკრიბება. ავტომობილების რიგი მსხვერპლშეწირვის ადგილამდე რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იწყება. ვინც ადრე მოსვლა მოასწრო, მანქანა შორიახლოს გააჩერა და იქვე ოჯახური პიკნიკიც მოაწყო. გზის ორივე მხარეს, მთის კალთებზე სახელდახელოდ გაშლილ კარვებს აქ ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. უკვე შეწირულ, დაკლულ პირუტყვს იქვე წვავენ და საქეიფოდ ემზადებიან. ლომისობა ადგილობრივებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

3 ივნისია, ოთხშაბათი. აღდგომიდან შვიდი კვირა გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლშეწირვა უნდა დაიწყოს. ორ მთას შუა, ხევში, ხიდის ქვეშ ცხოველთა სასაკლაოა მოწყობილი, მაგრამ სანამ პირუტყვი დაიკვლება, რამდენიმე სავალდებულო რიტუალი უნდა შესრულდეს. ამ რიტუალის ერთ-ერთი შემსრულებელი 63 წლის ალექსანდრე ბურდულია:

საჩუქარი ასეთია: ქალი უთხოვარი - ანუ, თუ ქალის სათხოვნელად მიდიხარ და კარში ფეხი შედგი, უარს ვერავინ გეტყვის; სუფრა უწევარი, ანუ ბურდული ყველა სუფრაზე საპატიო სტუმარია და ლომისის გასაღები მისცეს, რის შემდეგაც დღემდე ბურდულები ლომისის ხატს ემსახურებიან...
ალექსანდრე ბურდული

რიტუალი ასეთია: ყველა ოჯახი, რომელსაც ლომისასთვის მსხვერპლის შეწირვა უნდა, საკლავით, ღვინითა და ორი სანთლით მოდის. შემდეგ მნათე, ანუ რიტუალის შემსრულებელი, ამ სანთლებით ცხვარს ორ ადგილას ბეწვს უტრუსავს. ყურის ქვეშ, მუცელთან და კვლავ ყურის ქვეშ. შემდეგ ღვინით შემომწირველ ოჯახს ლოცავს და იმ სათხოვარის ასრულებას უსურვებს, რომლითაც ისინი ლომისობაზე მოვიდნენ.

როგორც ალექსანდრე ბურდული ამბობს, მნათეები ყოველთვის ბურდულები არიან. ლეგენდის თანახმად, ეს არის გასამრჯელო იმისათვის, რომ ოდესღაც ბურდულებმა ქვეყანა მტრის შემოსევისგან იხსნეს:

„მაღლა დიდველია. იქიდან ვერსად გახვალ. დიდი ორმო გათხარეს, მუხის მარგილი ჩაყარეს. 9 ათასი კაცი (მტერი) წამოვიდა. ცხრა ათასიდან შინ 9 გაგზავნეს ამბის მიმტანებად. „რით დავასაჩუქროთ ბურდულებიო“ - თქვეს. საჩუქარი ასეთია: ქალი უთხოვარი - ანუ, თუ ქალის სათხოვნელად მიდიხარ და კარში ფეხი შედგი, უარს ვერავინ გეტყვის; სუფრა უწევარი, ანუ ბურდული ყველა სუფრაზე საპატიო სტუმარია და ლომისის გასაღები მისცეს, რის შემდეგაც დღემდე ბურდულები ლომისის ხატს ემსახურებიან“ – ყვება ალექსანდრე ბურდული.

მსხვერპლშეწირვის დღემდე, ანუ ოთხშაბათამდე, მლოცველები ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღამისთევით ადიან. რიტუალი სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში იწყება. წესის მიხედვით, ლომისის ტაძრიდან თორმეტ მოციქულს ხატები, ჯვარი და დროშა გამოაქვს. ამის შემდეგ, დეკანოზი მნათეებს ზარებს არეკვინებს და სოფელს საფიხვნოსთან უხმობს. დაახლოებით, 5 საათისათვის ზარებს კიდევ ერთხელ რეკენ, რის შემდეგაც მლოცველები მლეთიდან, ზემო მლეთის გავლით, ლომისის მთისკენ მიემართებიან. როგორც სოფელ მლეთის მკვიდრი, ოთარ ბურდული ყვება, ამ რიტუალზე დასასწრებად ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდის:

„ადრე ვლადიკავკაზიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდანაც ჩამოდიოდნენ. დაიწყებენ სიმღერას:

ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, ის არვინ იცის ვისია, მოვიდა ქალმან, შავტირე, ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია. შავშეთით გადმოტანილი შავგრემანაის ყმისია. დაეხსენ, ჟანგმან შასჭამოს, ლომისის საკადრისია“.

ცხოველების წარმოუდგენელი ხოცვა-ჟლეტა იმართება, ფოტომასალაცაა გამოქვეყნებული და ის ხალხი, ვისაც ეს პირადად უნახავს, შოკირებულია...
თემურ წიქორიძე

სწორედ ამ რიტუალის დასრულების შემდეგ, ოთხშაბათ დილას იწყება მსხვერპლშეწირვა იმ მთის ქვეშ, სადაც ლომისის ტაძრისკენ მიმავალი აღმართი იწყება. ოდნავ შემაღლებულ ადგილას, სადაც საკლავი იკვლება, მიწა სისხლისგან გადაწითლებულია. რამდენიმე ადამიანი, რომელსაც პირუტყვის დაკვლა ევალება, დაკლული ცხოველის ნაწილებს აღმართთან დაყენებულ სატვირთო მანქანაში ყრის. ოდნავ მოშორებით ცხოველებს ატყავებენ, რის შემდეგაც პატრონებს ხორცი იქვე, შორიახლოს, სახელდახელოდ გაწყობილ სუფრებთან მიაქვთ. ადგილობრივებისათვის ეს რიტუალი ლომისობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მათთვის მიუღებელია იმ ადამიანების აზრი, რომლებიც მსხვერპლშეწირვის გაუქმებას ითხოვენ.

ცხოველების უფლებების დამცველი, თეიმურაზ წიქორიძე ერთ-ერთია, რომელიც ამ წესს ეწინააღმდეგება. როგორც ამბობს, საპატრიარქოს ამის შესახებ ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მისივე თქმით, ეს ტრადიცია, საუკუნეების წინ იღებს სათავეს და, შესაძლოა, მაშინაც გაუმართლებელი იყო, ახლა კი მით უფრო მიუღებელია.

„გარდა იმისა, რომ ქრისტიანულ დღესასწაულზე მსხვერპლშეწირვები არ უნდა იყოს, საერთაშორისო საზოგადოებაც ამას ცუდად უყურებს. ცხოველების წარმოუდგენელი ხოცვა-ჟლეტა იმართება, ფოტომასალაცაა გამოქვეყნებული და ის ხალხი, ვისაც ეს პირადად უნახავს, შოკირებულია“.

თემურ წიქორიძისათვის განსაკუთრებით მიუღებელი ისაა, რომ ეს ყველაფერი ბავშვების თვალწინ ხდება.

56 წლის ნოდარ მამულაიძე, რომელიც ლომისობას ბავშვობიდან ყოველწლიურად ესწრება, ამბობს, რომ, მართალია, მლეთელი არ არის, მაგრამ ეს მისთვის მაინც უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა:

„საკლავის დაკვლა ვის არ დაუნახავს, აკვნის ბავშვის გარდა? საკლავსაც კლავენ. ქრისტიანი ხალხი ვართ, სანთელსაც ვანთებთ. ეს მამაპაპური ტრადიციაა. პირიქით, მე ჩემს შვილებს ვასწავლი, რომ ეს ასე იყო და ასე იქნება. თან არამარტო ლომისობას“.

ჩვენ რომ უფრო საღი რწმენა გვქონდეს, რაღა გვიჭირს. ასე რომ, მთელ რიგ შემთხვევებში, ლოცვის მომენტი იჩრდილება და მოლოდინი იმის, რომ სუფრაზე დაჯდნენ და მოილხინონ, უფრო მეტია...
მამა დავით ციცქიშვილი

კლდის უბნის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ციცქიშვილი ამბობს, რომ მსხვერპლშეწირვა აკრძალული არ არის და მოწყალების ერთ-ერთი ფორმაცაა, როცა ადამიანი სხვებს, განსაკუთებით, ღარიბებს დააპურებს. თუმცა, მისივე თქმით, ეკლესია, ქრისტეშობის შემდეგ, უსისხლო მსხვერპლშეწირვას ანიჭებს უპირატესობას, იქნება ეს ზიარება თუ სეფისკვერის შეწირვა.

მისივე თქმით, გამოსავალი, რომელიც ეკლესიამ იპოვა ისაა, რომ ეს რიტუალი ტაძრისგან მოშორებით ტარდება:

„ჩვენ რომ უფრო საღი რწმენა გვქონდეს, რაღა გვიჭირს. ასე რომ, მთელ რიგ შემთხვევებში, ლოცვის მომენტი იჩრდილება და მოლოდინი იმის, რომ სუფრაზე დაჯდნენ და მოილხინონ, უფრო მეტია. ეს, ფსიქოლოგიური და სულიერი კუთხით, ხშირად წინ არის წამოწეული. შეიძლება ამას მალავენ, მაგრამ ხშირად მაინც ჩანს ეს კონტექსტი“.

ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მლეთელები ლომისობის ტრადიციის დათმობას არ აპირებენ. ისინი ამაყობენ იმით, რომ ოდესღაც აქ ერთ დღეში 2000-ზე მეტი სული პირუტყვი დაკლულა. „ოჯახების მიერ პირუტყვის მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებრივი ამბავია, ერთ საკლავს როცა მინდა, სადაც მინდა დავკლავო“ – ამბობს მნათე, ალექსანდრე ბურდული – „მთავარია, ხვალ ამ ადგილს სრულიად მოვასუფთავებთო“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

  • 16x9 Image

    გიორგი გოგუა

    გიორგი გოგუა არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG