Accessibility links

logo-print

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი პროკურატურამ ეჭვმიტანილად სცნო


რუმინეთის პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიქტორ-ვიორელ პონტას წანააღმდეგ, რომელიც გამოძიებამ თაღლითობის, ფულის გათეთრების, ინტერესთა კონფლიქტისა და გადასახადების დაფარვის დანაშაულებში სცნო ეჭვმიტანილად. ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრემიერ-მინისტრისაგან გადადგომა მოითხოვა. რუმინეთის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 5 ივნისს განაცხადა, რომ პონტამ, რომელიც წარსულში მოსამართლედ და პროკურორად მუშაობდა, - 2007-2008 წლებში არარსებული სამუშაოს სანაცვლოდ 63 ათასი ევრო მიიღო იმ ფირმისაგან, რომელიც მის კომპანიონს დან სოვას ეკუთვნოდა. ამ უკანასკნელს პონტას მთავრობაში რამდენიმე მაღალი პოსტი, მათ შორის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა და ამჟამად გამოძიების ქვეშ იმყოფება, როგორც კორუფციის სხვა საქმეში ეჭვმიტანილი პირი. ანტიკორუფციული დეპარტამენტის განცხადებით, იგი ოფიციალურად მიმართავს პარლამენტს, რათა პონტას მოუხსნან იმუნიტეტი. რუმინეთი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. კორუფციული სკანდალის გამო მარტის თვეში თანამდებობიდან გადადგა რუმინეთის ფინანსთა მინისტრი.

XS
SM
MD
LG