Accessibility links

EBRD-ის წარმომადგენელი: საქართველო თავისუფალია კორუფციისგან


საქართველო თავისუფალია კორუფციისგან, რაც რეგიონში უნიკალური შემთხვევაა - განაცხადა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერამ. მისივე თქმით, საქართველოში არავის დევნის პოლიცია, ან რომელიმე სხვა სტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებსაც გადავავლებთ თვალს, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის, კონკურენტუნარიანობისა და კორუფციის რეიტინგებში რეგიონში მოწინავეა“ - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. მისივე თქმით, აღსანიშნავია სანდო სასამართლო, გამართული საბანკო სისტემა და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ადგილობრივი მენეჯერების ძალისხმევით შეიქმნა. ბრუნო ბალვანერას შეფასებით, ეს ყოველივე აღფრთოვანებას იწვევს და იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი ინვესტორების ინტერესებიც კი.„გამართული კანონმდებლობა, მყარი საბანკო სისტემა და კორპორაციული მმართველობა მაგალითია იმისა, რომ საქართველო ძალიან კარგ პოზიციაშია, თუმცა ეს არ ასახულა ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დროის საკითხია", - განაცხადა ბალვანერამ. მისივე თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის კაპიტალის ბაზარზე და საპენსიო სფეროში. ამავე ინტერვიუში EBRD-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ ვერ ხედავს რაიმე ტექნიკურ მიზეზს, რომლის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელი უნდა შეიცვალოს. „საბანკო სისტემა საქართველოში გამოირჩევა პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობითა და კარგი მმართველობით, ამიტომ ვერ ვხედავ მისი გაკრიტიკების საფუძველს. მეტიც, საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

XS
SM
MD
LG