Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიში


საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ." მისი შეფასებით, არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გარეშე არაფორმალური გავლენის ნიშნები, რაც მის დამოუკიდებლობას ამცირებს. "2013 წლის ბოლოდან თავი იჩინა შესაძლო არაფორმალური მმართველობის ნიშნებმა, რაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობაზე გავლენის შენარჩუნებაში გამოიხატა“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს, კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც პრობლემურია, რადგან ოფიციალური თანამდებობის არქონის პირობებში მასზე არ ვრცელდება კანონით დადგენილი ანგარიშვალდებულების მექანიზმები.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებითვე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პარლამენტი არ არის საკმარისად დამოუკიდებელი იმისთვის, რომ ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის საქმიანობას. ამავე ანგარიშის თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკური მოტივაციისა და სამართლის შერჩევით გამოყენების ნიშნები ჩრდილს აყენებს როგორც სასამართლოს, ისე სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობას, ბოლო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივად დათხოვნა კი იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პროფესიონალური საჯარო სამსახური. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებითვე, შეშფოთებას იწვევს საჯარო მოხელეთა დანიშვნისას ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევები, სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი კი კვლავაც ღია და კონკურენტული ტენდერების გარეშე ხორციელდება.

XS
SM
MD
LG