Accessibility links

logo-print

პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუქმებს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას


უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუქმებს თავდაცვის სფეროში გაფორმებულ ხუთ ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთს შორის. პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პოროშენკომ დოკუმენტს ხელი 8 ივნისს მოაწერა - მას შემდეგ, რაც ეს ზომა უკრაინის პარლამენტმა 21 მაისს დაამტკიცა. გაუქმებულ შეთანხმებებს შორის არის ერთი, რომელიც ეხება „მოლდავეთის რესპუბლიკაში“ დისლოცირებული რუსეთის სამხედროების ტრანზიტს უკრაინის გასწვრივ. რუსეთი მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ინარჩუნებს სამხედროებს და სამშვიდობო ჯარს, მიუხედავად მოლდავეთის მთავრობის მიერ რამდენჯერმე გამოთქმული თხოვნისა ძალების გაყვანის შესახებ. დანარჩენი გაუქმებული შეთანხმებები ეხება „სახელმწიფოთაშორის სამხედრო ტრანსპორტირების ორგანიზებას“, „საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივ დაცვას“, „სამხედრო-სადაზვერვო თანამშრომლობას“ და „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.“ უკრაინა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძვის ქვეყნის აღმოსავლეთში და აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი სამხედროები პირდაპირ მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში.

XS
SM
MD
LG