Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: "რუსეთის მოქმედებები უკრაინაში ვნებს რუსეთს და რუსეთის ხალხს"


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა რუსეთის ეკონომიკის განადგურებაში. 8 ივნისს ბარაკ ობამა გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა: „მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად დასუსტდა: რუბლი და უცხოური ინვესტიციები ეცემა; ინფლაცია იზრდება; რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დაკარგა 150 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვების სახით; რუსეთის ბანკებისა და კომპანიებისთვის ფაქტობრივად დაიკეტა საერთაშორისო ბაზრები; რუსეთის ენერგოკომპანიები რთულად ახერხებენ თავიანთი კომპლექსური ენერგოპროექტებისთვის სერვისებისა და ტექნოლოგიების იმპორტს. რუსეთის თავდაცვის კომპანიები მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გარეშე დარჩნენ; რუსეთი ღრმა რეცესიაშია. ასე რომ, რუსეთის მოქმედებები უკრაინაში ვნებს რუსეთს და ვნებს რუსეთის ხალხს“. ბარაკ ობამა თვლის, რომ “საბოლოოდ ეს იქცევა პრობლემად ბატონი პუტინისთვის. მან უნდა გადაწყვიტოს - აგრძელებს თავისი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას და რუსეთის იზოლაციას მცდარი მიზნისკენ - საბჭოთა იმპერიის დიდების აღდგენისკენ სწრაფვაში, თუ აღიარებს, რომ რუსეთის დიდება არ არის დამოკიდებული სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფაზე“. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას: „რაც შეეხება უსაფრთხოებას, „დიდი შვიდეული“ კვლავაც ერთსულოვნად უჭერს მხარს უკრაინას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ეკონომიკური და ტექნიკური დახმარების გაწევას. მას ეს სჭირდება მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში იმისათვის, რომ გარდაქმნას ეკონომიკა და გააძლიეროს დემოკრატია“.

XS
SM
MD
LG