Accessibility links

logo-print

დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკები" თანახმა არიან საგანგებო სტატუსზე


ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ ხელისუფლებებმა წარმოადგინეს ახალი წინადადებები უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებებზე, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინის შემადგენლობაში დონბასის ზოგიერთი რაიონის საგანგებო სტატუსით ყოფნას. დოკუმენტის პროექტი გაუგზავნეს უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირებისთვის მოქმედ საკონტაქტო ჯგუფს. დამატებებისა და ცვლილებების ტექსტი გამოქვეყნდა „დონეცკის ახალი ამბების სააგენტოს“ საიტზე. მასში აღნიშნულია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში იმ რაიონებისა და ქალაქების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო სტატუსი მიენიჭება, უნდა განისაზღვროს ცალკე კანონით. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა უნდა შეინარჩუნონ პოსტები და „ადგილობრივი თვითმმართველობის საგანგებო წესის შესახებ“ კანონის მოქმედება არ უნდა იყოს დროში შეზღუდული. პროექტში ლაპარაკია იმაზეც, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდეს „სახალხო მილიციის“ შექმნის, რუსული ენის გამოყენებასთან, ბუნებრივი რესურსების მოხმარებასა და ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის უფლება. შეთანხმება უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმისა და დონბასის ზოგიერთი რაიონისთვის საგანგებო სტატუსის მინიჭების შესახებ, მიღწეული იყო 2015 წლის თებერვალში მინსკში. მარტის შუა რიცხვებში უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა იმ ტერიტორიების სია, რომლებსაც მიენიჭება საგანგებო სტატუსი მას შემდეგ, რაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნები ჩატარდება.

XS
SM
MD
LG