Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელის განცხადებით, საქართველო არ აპირებს ავღანეთის მისიაში მონაწილეობის გადასინჯვას


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო არ აპირებს ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობის შემცირებას და მზად არის, ბოლომდე იდგეს კოალიციური პარტნიორების გვერდით სხვადასხვა ფორმით ყველგან, ყველა ცხელ წერტილში, სადაც კი მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეს დასჭირდება. ხიდაშელმა ეს განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მისი სიტყვებით, ძნელი სათქმელია, არის თუ არა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ნატოში გაწევრიანების პირობა: „ დღევანდლამდე გამოცდილება არ ადასტურებს, რომ ეს რაიმეს პირობაა. მე უფრო ვიტყოდი, რომ ჩვენ, სავარაუდოდ, უფრო მეტი გვაქვს დასამტკიცებელი მსოფლიოსათვის, ვიდრე, მაგალითად, ფრანგებსა და ჰოლანდიელებს. და ამიტომაც იყო თავის დროზე, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რომელიც შეეხო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საქართველოში ნატოს საწვრთნელი ერთობლივი ცენტრის ამოქმედების გეგმას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლებას ბრიუსელში უკვე დიდი ხანია გაგზავნილი აქვს შეთავაზება, როგორც ცენტრის როტაციის, ისე ფინანსური ვალდებულებების შესახებ. „ახლა ბრიუსელიდან ველოდებით დადასტურებას იმ შეთავაზებაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ,“ - დასძინა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG