Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მუშაობის პარალიზებას გეგმავს


ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მოითხოვს, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მუშაობის პარალიზებას გეგმავს. გადაწყვეტილება ჯგუფის წევრი პარტიების წარმომადგენლებმა თბილისში დღევანდელი შეხვედრისას მიიღეს, თუმცა, კონკრეტული ფორმები არ დაუსახელებიათ. „ქართული დასის“, ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი, თუ რით გამოიხატება ხელისუფლების მუშაობის პარალიზება. "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა კი ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ხელისუფლების მუშაობის პარალიზება შესაძლებელია კონკრეტული პოლიტიკური ბერკეტებით პარლამენტისა და თვითმმართველობის დონეზე. „მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს, რომელიც 7 წლის წინ აქტიურად მოითხოვდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და ხელისუფლებას დისკომფორტი ერთად შევუქმნათ“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საქართველოს პარლამენტს დაახლოებით ორი კვირის წინ მიმართეს მოთხოვნით, გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს. თავის მხრივ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ცვლილებას მხარს უჭერს, თუმცა მისი განხორციელება მომავალი, 2016 წლის არჩევნებისთვის ვერ მოესწრება და შესაბამისი რეფორმა 2020 წლის არჩევნებისთვის დასრულდება

XS
SM
MD
LG