Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გაემგზავრა პარიზში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაემგზავრა პარიზში, სადაც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდება. თინა ხიდაშელის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები იმ კომპანიებშიც, რომლებთანაც საქართველო თანამშრომლობას გეგმავს. „ყველაფერი ძალაშია, კონკრეტიკას კი განვითარების შესაბამისად გაიგებთ“ - განუცხადა 12 ივნისს, პარიზში გამგზავრების წინ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა. 11 ივნისს ღამით კი, ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთისგან საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესაძენად ხელშეკრულების დახვეწაზე მუშაობა გრძელდება და მას ხელი სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მოეწერება. თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ეს დოკუმენტი ხელშეკრულებას დაემსგავსა მინდია ჯანელიძის მინისტრობისას, რადგან სწორედ იმ პერიოდში დაიწყო სამართლებრივ და ფინანსურ მხარეებზე მუშაობა, მანამდე კი მხოლოდ კეთილი სურვილების კრებულს წარმოადგენდა. რამდენიმე ხნის წინ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლება დაადანაშაულა საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ საფრანგეთთან მის მიერ დაწყებული მოლაპარაკების ფაქტობრივად ჩაშლაში.

XS
SM
MD
LG