Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიები და დანამატები ისევ კრიტიკის ობიექტია


პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკა კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა გამოკვლევა 2012-2014 წლებში თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე. მართალია, ისინი წერენ, რომ სამი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიებისა და დანამატების ჯამმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, მაგრამ იმასაც მიუთითებენ, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა თუ გამგეობებისგან მათ გამოთხოვილი ინფორმაცია ვერ მიიღეს. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ 2012-14 წლებში გაცემული პრემიებისა თუ დანამატების რაოდენობა შესაძლოა, 100 მილიონს აჭარბებდეს. რა ტენდენციები გამოიკვეთა გამოკვლევის პროცესში? ნინო თარხნიშვილი განაგრძობს თემას.

გელა მთივლიშვილს, ჟურნალისტსა და „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელს, ხშირად უწევს კახეთის რეგიონის თვითმმართველობების ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა პრემიებისა თუ დანამატების შესახებ, თუმცა, როგორც ის „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, როგორც წესი, ამ ინფორმაციას სრულყოფილად ვერასდროს იღებს. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებზე სრულიად დაუმსახურებლად და დაუსაბუთებლად გაიცემა პრემიები თუ დანამატები. გელა მთივლიშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში საგარეჯოს რაიონის მაგალითს იხსენებს: „თანამდებობებზე ათი დღის დანიშნულ თანამშრომლებს ერთი თვის ოდენობის პრემიები ჩაურიცხეს. ჟურნალისტებმა განმარტება რომ ვითხოვეთ, საგარეჯოს გამგებელმა გვითხრა, ეწყინებოდათო. ძალიან დიდი ბოდიში, ბიუჯეტთან აქვთ საქმე, დუქნის ფულთან კი არა. ეწყინება რას ნიშნავს?“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე, რომელიც 2012-2014 წლებში თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის გაცემის პრაქტიკას ეხებოდა, გიგა გვილავა, ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი მუშაოდა. როგორც ის „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პრემიებისა თუ დანამატების გაცემისას არ ფიქსირდება არანაირი დასაბუთება იმისა, თუ რის საფუძველზე გაიცემა თანხა ამა თუ იმ თანამშრომლისთვის. მიუხედავად 2014 წლის ივლისში გამოცემული მთავრობის განკარგულებისა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცებას ეხება და რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გაეწიათ რეკომენდაცია პრემიების ოდენობის გაცემის წესის მიღების თაობაზე, გია გვილავას თქმით, კვლავაც ღია რჩება პრობლემა, რადგან მთელი რიგი საკრებულოებისა თუ გამგეობებისთვის მთავრობის რეკომენდაცია მხოლოდ რეკომენდაციად დარჩა: „ჩვენ მივიღეთ ათასობით დოკუმენტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტები სახელობითად არის გამოგზავნილი, ყოველ კონკრეტულ თანამშრომელზე და არც ერთგან არ იყო აღნიშნული, რის საფუძველზე გაიცა დანამატი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ მთელ ამ პერიოდში გვქონდა დიდი შავი ხვრელი, სადაც შეიძლებოდა ამ თანხების ისე განკარგვა, რომ კაციშვილს ვერ გაეგო, რისთვის არის ეს თანხა გაცემული“.

მკაცრად უნდა გაიწეროს, რომ მხოლოდ კონკრეტული დამსახურების შემთხვევაში და დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში გაიცეს დანამატი თუ პრემია. მაგალითად, დანამატი შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანმა იმუშავა ზეგანაკვეთურად...
გია გვილავა

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის, თბილისის რაიონებიდან გამოითხოვა. გამოკვლევის ავტორები საუბრობენ ტენდენციაზე, რომელიც საკვლევ პერიოდში გამოიკვეთა. მათი თქმით, 2012 წლიდან რეგიონების უმრავლესობაში საგრძნობლად იზრდება გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა. თუმცა, მაინც არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, მათ შორის, ესაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. იქ წლიდან წლამდე პრემიებისა და დანამატების გაცემის მაჩვენებელი მცირდება. კიდევ ერთი ასეთი რეგიონი იმერეთია. იქ გაცემული თანხების ოდენობა 2013 და 2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებზე ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ქუთაისის მერიამ პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის ახალი წესი დაადგინა. მაშინ ქალაქის მერი შოთა მურღულია ამბობდა, რომ პრემიები გაიცემოდა მხოლოდ დამსახურების მიხედვით და არა მასშტაბურად ყველასთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე მთავრობის განკარგულებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და, შესაბამისად, თვითმმართველი ორგანოები არ არიან ვალდებულნი შეასრულონ ეს რეკომენდაცია, გია გვილავა მიიჩნევს, რომ პრემიებისა და დანამატების გაცემის წესი საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს: „მკაცრად უნდა გაიწეროს, რომ მხოლოდ კონკრეტული დამსახურების შემთხვევაში და დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში გაიცეს დანამატი თუ პრემია. მაგალითად, დანამატი შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანმა იმუშავა ზეგანაკვეთურად. პრემიაც და დანამატიც შეიძლება გაიცეს მაშინ, თუ ადამიანს კონკრეტული დამსახურება აქვს და არა ყოველთვიურად. ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირმა აიღო პრემია და დანამატი, ჯამში, იმაზე მეტი, ვიდრე ხელფასი აქვთ“.

ისევე როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის ავტორები, ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი გიორგი კლდიაშვილიც მიუთითებს იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რასაც სხვადასხვა დაწესებულებებში პრემიებისა თუ დანამატების დაუსაბუთებელი გაცემა ჰქვია. ამავდროულად, მისივე თქმით, იკვეთება ტენდენცია, როდესაც ყოველთვიურად გაცემული პრემია ადგილს უთმობს დანამატს: „დანამატი, ძირითად შემთხვევებში, ეს არის, უმეტესწილად, ხელფასის ერთი ოდენობა და გამოდის ისე, რომ ამ დანამატებს სამ თვეში ერთხელ ემატება პრემია. ჩვენ ამ პრაქტიკას ვეწინააღმდეგებით იმიტომ, რომ ამან, ფაქტიურად, ხელფასის ოდენობის სახე მიიღო და ყოველთვიურად იღებს თანამდებობის პირი დანამატს, რაც არასწორია“.

რაც შეეხება თბილისის მერიასა და საკრებულოს, იქ 2012-2014 წლებში პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 40 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. გამოკვლევის მიხედვით, თბილისში პრემიებისა და დანამატების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება: თუკი 2012 წელს – 7,2 მილიონი ლარი გაიცა, 2014 წელს პრემიებისა და დანამატების რაოდენობამ 18,2 მილიონი ლარი შეადგინა. გამოკვლევის ავტორთა თქმით, არის შემთხვევები, როდესაც, წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ. მუნიციპალიტეტების ნაწილში პრემიები თითქმის ყოველთვიურად გაიცემა.

„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის #449 დადგენილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გაეწიათ რეკომენდაცია პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღების შესახებ, თუმცა დადგენილება ამ ეტაპისათვის 71 მუნიციპალიტეტიდან 43-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG