Accessibility links

logo-print

ზოოპარკის დირექტორი: შესაძლებელია ზოგიერთმა პირმა ბოროტად ისარგებლა ვითარებით


თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე წუხანდელი სტიქიის შედეგად ოთხი დაღუპულის გვამია ნაპოვნი. როგორც იუწყებიან, მათგან სამი ზოოპარკის თანამშრომელია. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ცნობით, მეოთხე დაღუპული ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც, სავარაუდოდ, ზოოპარკის ტერიტორიაზე მოვარდნილმა წყალმა გამორიყა. ზოოპარკში განადგურებულია ვოლიერების დიდი ნაწილი. გრძელდება ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ძებნის ოპერაცია. ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ ცხოველის მხრიდან ადამიანისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში შესაძლოა ცხოველების ლიკვიდაცია გამხდარიყო საჭირო. თუმცა მოგვიანებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში გურიელიძემ ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, თუ რამდენად საჭიროებიდან გამომდინარე ხდება ცხოველების ლიკვიდაცია: „იმ შემთხვევაში, თუ მტაცებელი თავს ესხმოდა ადამიანს, მაშინ ეს გასაგებია. თუმცა ძალიან ბევრი რამ მოითხოვს გარკვევას ამასთან დაკავშირებით. ნაჩქარევი პასუხი არ მინდა მოგცეთ. ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ბრძანება გაცემული არ ყოფილა. შესაძლოა ზოგიერთმა პირმა უბრალოდ ბოროტად ისარგებლა“. გავრცელდა ცნობა, რომ მოკლული იპოვეს თეთრი ლომის ბოკვერი, სახელად შუმბა. ზოოპარკის თანამშრომელთა ცნობით, ის ვოლიერის შესასვლელში, თავში გასროლითაა მოკლული.

XS
SM
MD
LG