Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შსს-ში მსახურობდა


ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული ზაურ დადაევი დანაშაულის ჩადენის დღეს - 2015 წლის 27 თებერვალს რუსეთის შსს-ს შინაგანი ძალების მოქმედი ოფიცერი იყო. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ჩეჩნეთის ბატალიონ „სევერში“, სადაც დადაევი მსახურობდა, განაცხადეს, რომ ის 1 მარტს გაათავისუფლეს. „კომერსანტი“ წერს, რომ ბრალდებულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება დეკემბრის ბოლოს დაწერა, იანვრის ბოლოს შვებულებაში გავიდა და მთელი თებერვალი არ დაბრუნებულა სამსახურში. ეს ინფორმაცია ადვოკატს მიაწოდეს ბატალიონ „სევერიდან“. 28 თებერვალს, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მეორე დღეს, ჩრდილოეთ კავკასიაში შინაგანი ძალების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ვნუკოვის ბრძანებით, დადაევი გაათავისუფლეს. 1 მარტს, ჩეჩნეთის ბატალიონის მონაცემებით, ზაურ დადაევმა დატოვა თანამდებობა. „კომერსანტი“ შენიშნავს - იმის გამო, რომ დანაშაულის ჩადენის დროს დადაევი მოქმედი სამხედრო იყო, ნემცოვის მკვლელობის საქმის განხილვა შეიძლება ოლქის სამხედრო სასამართლოს გადაეცეს. ბრალდებულის სტატუსის შესახებ ახალი მონაცემების გამო, შეიძლება გადაიდოს 15 ივნისის სასამართლო სხდომაც მოსკოვის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზაურ დადაევისა და კიდევ ორი ეჭვმიტანილის ადვოკატები აპირებენ გაასაჩივრონ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობა. ბორის ნემცოვი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ხუთი პირია დაკავებული: ზაურ დადაევი, ძმები - ანზორ და შაგიდ გუბაშევები, ჰამზატ ბახაევი და ტამერლან ესკერხანოვი. გამომძიებლები თვლიან, რომ ეს პირები არიან დანაშაულის შემსრულებლები. დანაშაულის შემკვეთების ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ.

XS
SM
MD
LG