Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა


სტიქიის შედეგად თბილისში დაზარალებული ოჯახების ნაწილი დღეს დროებით საცხოვრებელში, სასტუმრო „ლევილში“ მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. "ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არც ერთი ოჯახი არ არის ღია ცის ქვეშ, ყველა დაბინავებულია და ყურადღება ექცევა, მაგრამ გაკვეთილი კატასტროფულია, რადგან ვნახეთ, რომ სტიქიამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე წაიღო“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, დასკვნა ნათელია, რომ აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე. „არ შეიძლება დღეს ყველანი არ ვეკითხებოდეთ აზრს დარგის სპეციალისტებს არა მარტო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან, არამედ იმაზეც, რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ აღარასდროს მოხდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ამაზე პასუხი აქვთ არა პოლიტიკოსებს, არამედ ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის და ქალაქის განვითარების სპეციალისტებს, რომლებსაც ყველამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს. „სწორედ არმოსმენის შედეგია, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული ადამიანი დავკარგეთ. ეს არ არის თანამედროვე ვითარება. თანამედროვე საზოგადოება არ ცხოვრობს ასე - როდესაც ხევის ადიდების შედეგად ადამიანების სიცოცხლეს ვკარგავთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG