Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო იმსჯელებს „კაბელების საქმეზე“ ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებაზე


საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა აღკვეთის ზომა - პატიმრობა, გირაოთი შეუცვალოს ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ, თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს. „2015 წლის 28 ივლისს იწურება ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როცა საქმეზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა წინასასამართლო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. ასეთ ვითარებაში პროკურატურას არ გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მისივე განმარტებით, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის განხილვის ეტაპი და სასამართლომ პროკურატურის მიერწარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. “შესაბამისად, შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის და მტკიცებულებების განადგურების რისკი, მათ მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ კი გამოიღო პრევენციული შედეგი და შეამცირა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგების საფრთხეები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომლისთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 19 ივნისს იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG