Accessibility links

logo-print

რუსეთი აკრიტიკებს ბელგიაში დიპლომატიური მისიების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას


რუსეთი მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა, მისივე განცხადებით, ბელგიის ხელისუფლების მიერ ბრიუსელში რუსეთის დიპლომატიური მისიებისა და სხვა რუსული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას. მოსკოვი „ღიად მტრულს“ უწოდებს ამ ნაბიჯს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 ივნისს გამოაცხადა, რომ მოსკოვში ბელგიის ელჩი დაიბარა პროტესტის გამოსათქმელად ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც, სამინისტროს მონაცემებით, მიმართულია ევროკავშირსა და ნატოში რუსეთის წარმომადგენელთა ოფისებისა და ბელგიაში მთელი რიგი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. წინა დღეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ ბელგიის სასამართლოს წარმომადგენლებმა ათობით კომპანიასა და სხვა ორგანიზაციას შეატყობინეს ბელგიის გეგმის შესახებ, დააყადაღოს რუსეთის სახელმწიფო აქტივები, რათა დააფინანსოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთში დაშლილ კომპანია „იუკოსის“ აქციების მფლობელებს კომპენსაცია ეკუთვნის. ამასობაში, რუსმა ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ საფრანგეთშიც დააყადაღეს რუსეთის სახელმწიფო აქტივები. ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ შარშან დაავალა რუსეთს 50 მილიარდამდე ევროს გადახდა „იუკოსის“ აქციების ყოფილი მფლობელებისათვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება დასკვნას, რომ რუსეთმა დაარღვია ენერგეტიკის საერთაშორისო ქარტია, როცა „იუკოსი“ დახურა და 2004 წელს აუქციონზე გაიტანა კომპანიის აქტივები. „იუკოსი“ დაშალეს 2003 წელს კომპანიის დამფუძნებლის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების შემდეგ.

XS
SM
MD
LG