Accessibility links

დავით კერესელიძე: რუსეთი კვლავ არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის განუყოფელი ნაწილის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 19 ივნისს დაამტკიცა მოსკოვის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან მარტში გაფორმებული "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ სარატიფიკაციო დოკუმენტი. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, არ შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა მასთან ე.წ. ხელშეკრულება გაფორმდეს, რაიმე სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. “ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება", - განაცხადა დავით კერესელიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისად შეაფასოს რუსეთის ქმედება და სათანადო ზეწოლა განახორციელოს. სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო თანამეგრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული მოქმედებების აღსაკვეთად.

XS
SM
MD
LG