Accessibility links

logo-print

ერევნის ცენტრში პოლიციამ აქცია დაშალა


სამშაბათს, დილით ადრე ერევანში, ბაგრამიანის პროსპექტზე პოლიციამ დაშალა მჯდომარე საპროტესტო აქცია, რომელიც 19 ივნისიდან გრძელდებოდა და მიმართული იყო ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ. აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - ჟურნალისტები.რადიო თავისუფლების სომხურენოვანი სამსახურის კორესპონდენტი იუწყება, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს რამდენიმე ათეული პირი. ძალისმიერი ოპერაციის დაწყებამდე პოლიციელებმა ჟურნალისტებს სთხოვეს დაეტოვებინათ აქციის მიმდინარეობის ადგილი. მათ, ვინც უარი თქვა, წაართვეს და დაუზიანეს ტექნიკა. საპროტესტო აქცია სახელწოდებით „არა ძარცვას!“ ერევანში 19 ივნისს დაიწყო. მისმა მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამოაცხადეს და ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისვლით იმუქრებოდნენ. 22 ივნისს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა. დემონსტრანტებმა, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად გადაინაცვლეს თავისუფლების მოედანზე, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. პოლიციელებმა გადაკეტეს ბაგრამიანის პროსპექტი და არ მისცეს საშუალება დემონსტრანტებს მისულიყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის მონაწილეებმა პროსპექტის სავალ ნაწილზევე მჯდომარე აქცია წამოიწყეს. „ინტერფაქსის“ ცნობით, სამშაბათს დილით ერევნის ცენტრში მოძრაობა მთლიანად აღდგენილი იყო. ქუჩაში ბევრი პოლიციელი და სპეცტექნიკაა.

XS
SM
MD
LG