Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს აშშ-ის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი


დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში დააკავეს აშშ-ის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი, რომლის ექსტრადიციის პროცედურა უკვე დასრულებულია. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2015 წლის 23 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ვაშინგტონის მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აშშ-ის და ირანის მოქალაქე ალირეზა ალ საზეგარი. ის ოჯახური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა კალიფორნიის შტატის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. ალირეზა ალ საზეგარს აშშ-ში ბრალად ედება ოჯახის წევრის ცემა, გატაცება, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. შსს-ს ინფორმაციით, ძებნილი პირის საქართველოდან აშშ-ში ექსტრადიცია მთავარი პროკურატურის მონაწილეობით განხორციელდა 2015 წლის 13 ივნისს. საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ამიერკავკასიის რეგიონის ატაშემ კეტლინ კენინგმა განაცხადა, რომ ინტერპოლით ძებნილი პირის დაკავება და ექსტრადიცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი, სერიოზული გზავნილია. ამავე ბრიფინგზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცავებს, რომლებიც ამერიკულ მხარეს დაეხმარნენ ძებნილი პირის დაკავებასა და ექსტრადირებაში. „მათი ძალისხმევის გარეშე, სავარაუდო დამნაშავე ამჟამადაც ძებნილი იქნებოდა, დღეს კი უკვე პატიმრობაშია და სასამართლო პროცესს ელოდება“, - განაცხადა მაიკლ გრანტმა.

XS
SM
MD
LG