Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე


საქართველოში იმყოფება ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი ადრიან ბრედშოუ, რომელიც დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერლებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის საკითხები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი სწავლებების ინტენსიურად ჩატარებაზე. ადრიან ბრედშოუმ და ვახტანგ კაპანაძემ იმსჯელეს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილსა და ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული ასეულის ჩართვაზე. გენერალმა ბრედშოუმ საქართველოს მადლობა გადაუხადა ISAF-ისა და "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიებში მონაწილეობისთვის. შეხვედრის შემდეგ გენერლებმა გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე, სექტემბრამდე დაფუძნდეს. "საკმაოდ ბევრი რამ უკვე გაკეთებულია და დაგეგმილ ვადას არ გადავაცილებთ, თუ ადრე არ გავხსენით ეს ცენტრი“, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ. მისივე განმარტებით, საუბარია სექტემბრამდე ცენტრის დაფუძნებაზე, მისი მშენებლობა კი გაგრძელდება, რადგან ცენტრი არ მოიცავს მხოლოდ ერთ ლოკაციას და ერთ შენობას. ამავე პრესკონფერენციაზე ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ ადრიან ბრედშოუმ აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრის მშენებლობა ნატო-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია. "ყოვლისმომცველი პაკეტის თვალსაზრისით ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას იმ ოცწლიანი თანამშრომლობისთვის, რომელიც ნატოსა და საქართველოს აქვთ", - განაცხადა გენერალმა ბრედშოუმ.

XS
SM
MD
LG