Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ საინფორმაციო ანგარიში


წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, 26 ივნისს პირველი ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა. მისი შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა ზოგადად, გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემები რჩება და პირველ ყოვლისა, უკავშირდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახშირებას. „სამწუხაროდ, პრობლემა რჩება გამოძიების ნაწილშიც, რადგან თანამდებობობის არცერთი პირი დღემდე არ დასჯილა 2014 წელს მომხდარი, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 21 ფაქტზე“, - ნათქვამია ანგარიშში. ომბუდსმენის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეფასებით, არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხი მწვავედ დგას ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც აშკარა იყო პატიმრებისადმი თანამშრომლების აგრესიული დამოკიდებულება, ეს კი არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. „არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად ხდება უსაფრთხოების ზომების მიღება და დაწესებულების ადმინისტრაცია ძირითადად ეყრდნობა ე.წ. „სტატიკური უსაფრთხოების“ ელემენტებს, რაც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნის მიღწევას“, - ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის და დახურულ დაწესებულებებში პატიმართაგარდაცვალების ფაქტების დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. ანგარიშში კრიტიკულ შენიშვნებთან ერთად ასახულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც დადებითად იმოქმედა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით.

XS
SM
MD
LG