Accessibility links

logo-print

ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია


რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სომხეთის დედაქალაქში დაახლოებით 20 ათასი დემონსტრანტი აგრძელებს საპროტესტო აქციას და ახლა უკვე ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ გადაწყვეტილების არა შეჩერებას, არამედ სრულად გაუქმებად მოითხოვენ. 28 ივნისს ღამით პოლიციას აქცია არ დაურბევია, როგორც ამას მოელოდნენ. პოლიციამ არაერთხელ მოუწოდა დაშლისკენ ბაგრამიანის პროსპექტზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. კვირას, 23:00 საათის შემდეგ დემონსტრანტებთან მივიდა ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსეპიანი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის შეკითხვაზე - რას აპირებდნენ სამართალდამცავები, ოსეპიანმა უპასუხა: „უყურეთ და ნახავთო“. მისი სიტყვებით, სურდა შეემოწმებინა ინფორმაცია ზოგიერთი დემონსტრანტის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერების ფლობის შესახებ. მანამდე, 28 ივნისს სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ გასპარიანმა აქტივისტებს უთხრა თავისუფლების მოედნისკენ გადასულიყვნენ. მანამდე გასპარიანმა დემონსტრანტებს 30 წუთი მისცა ბაგრამიანის პროსპექტის დასატოვებლად და გააფრთხილა ისინი, რომ დროის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებდა „წესრიგის აღსადგენად“. დემონსტრანტთა უმრავლესობამ უგულებელყო პოლიციის ხელმძღვანელის გაფრთხილება. ე.წ. „ელექტრონული ერევნის“ მოძრაობის აქტვისიტები ერევნის ცენტრში აქციას მართავენ უკვე კვირაზე მეტია. ისინი აპროტესტებენ ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდაზე გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 1 აგვისტოდან დაახლოებით 16%-ით იზრდება ტარიფები. 27 ივნისს პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა განაცხადა, რომ „გაზრდილი ფასების ტვირთს“ აიღებს მისი მთავრობა მანამდე, სანამ დამოუკიდებელი აუდიტი დაადგენს რამდენად გამართლებული იყო რუსეთი ელექტრო-კომპანიის მიერ ფასის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG