Accessibility links

logo-print

მაკკეინი მოითხოვს, არ გადაისინჯოს რუსეთის ძრავების შესყიდვის შემცირების გეგმა


ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომკოსმოსური სატვირთო ხომალდის წარუმატებელი გაშვება, რომელიც აშშ-ის კომპანია Space X-ის მიერ იყო წარმოებული, არ უნდა გახდეს იმ გეგმების გადასინჯვის საბაბი, რომელიც რუსეთის ძრავების შესყიდვის შემცირებას უკავშირდებოდა. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პატარა წარუმატებლობა არ იქცევა დაბრკოლებად კორპორაცია Space X-ის წინსვლის გზაზე", – განაცხადა ორშაბათს მაკკეინმა. შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტმა საბიუჯეტო წინადადებებში გამოთქვა მზადყოფნა, მომავალი წლისთვის თანხა რუსეთის წარმოების მხოლოდ ცხრა სარაკეტო ძრავასთვის გამოიყოს. კომიტეტი მოითხოვს, შემცირდეს აშშ-ის დამოკიდებულება რუსეთის წარმოებაზე იმ თანამგზავრების გაშვების საქმეში, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. პენტაგონის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შემცირებული რაოდენობა, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს. წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ბიუჯეტის თავისი ვარიანტი, რომელიც დიდი რაოდენობით რუსეთის წარმოების ძრავების შესყიდვას ითვალისწინებს. ჯონ მაკკეინმა კი განაცხადა, რომ იგი ყველა ღონეს იხმარს, რომ ეს გადაწყვეტილება დაბლოკოს.

XS
SM
MD
LG