Accessibility links

საბერძნეთი დეფოლტის მდგომარეობაშია


სამშაბათს, 30 ივნისს საბერძნეთმა ვერ შეძლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გადაეხადა ვალის მომსახურების თანხა - მილიარდ 550 მილიონი ევრო და ამრიგად დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ოდესმე მევალეს არ გადაუხდია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის. საბერძნეთი კი არის პირველი განვითარებული ქვეყანა, რომელიც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბოლო ქვეყანა, რომელმაც სსფ-ს ვალი ვერ გადაუხადა ზიმბაბვე იყო და ეს 2001 წელს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მოვლენას. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეეცადა შეესუსტებინა საბერძნეთის დეფოლტით გამოწვეული მღელვარება ფინანსურ ბაზრებზე და განაცხადა, რომ აშშ-ს „არ სჯერა, რომ ეს მოვლენა შეარყევს სისტემას“. ოთხშაბათს მთავარი მოვლენა იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა სხდომა, რომელზეც საბერძნეთის კრიზისზე იმსჯელებენ. საბერძნეთის ბოლო მცდელობას - გაეგრძელებინა სესხის ვადა, ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა უარით უპასუხეს. „სიგიჟე იქნება პროგრამის გაგრძელება“, - განაცხადა ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრმა იერონ დისელბლუმმა, რომელიც ევროზონის ფინანსთა მინისტრების ერთობას - „ევროჯგუფს“ ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG