Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ განსაზღვრა დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების წესი


თბილისის მერიამ განსაზღვრა 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების წესი. მის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე დედაქალაქის საკრებულო იმსჯელებს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, ოჯახები, რომელთა სახლები ადიდებულმა მდინარე ვერემ წაიღო ან ისე დააზიანა, რომ აღდგენას არ ექვემდებარება, ფულად კომპენსაციას მიიღებენ ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც შეკეთებას ექვემდებარება, მათ გარემონტებას გამგეობები უზრუნველყოფენ. დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ კატეგორიის ოჯახებს გადაეცემა საჭირო საოჯახო ნივთები და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადად მიიღებენ ფინანსურ კომპენსაციასაც. თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს, სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს ზიანს აუნაზღაურებს და კვლავაც მაქსიმალურად გვერდით დაუდგება. დავით ნარმანიას თქმით, ზარალის ანაზღაურების წესი მკაფიოდაა განსაზღვრული, რათა სუბიექტური მიდგომა გამოირიხცოს. „ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დალოდებოდნენ ამ წესის მიღებას და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინათ სხვადასხვა განცხადება" - აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

XS
SM
MD
LG