Accessibility links

მალაიზია თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე გაეროს ტრიბუნალის მოწყობას ითხოვს


2 ივლისს მალაიზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ეცდება გაეროს მიერ მხარდაჭერილმა ტრიბუნალმა გაასამართლოს ისინი, ვინც ეჭვმიტანილია გასულ წელს უკრაინის აღმოსავლეთში „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში. უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენი წინადადება მოამზადა ხუთმა ქვეყანამ, რომელიც იძიებს თვითმფრინავის ჩამოგდების გარემოებებს. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ამ შემთხვევას 298 ადამიანი ემსხვერპლა. გაეროში მალაიზიის ელჩმა რამლან ბინ იბრაჰიმმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობის შესახებ წინადადების პროექტს მომავალ კვირაში მიაწვდიან გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრს. წინადადებაზე კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გაიმართება. გაეროს სასამართლო „პროცესსა და გამოძიების მექანიზმს შესძენდა მაღალ ლეგიტიმაციას იმისათვის, რომ დამნაშავეები წარდგნენ სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა მალაიზიის ელჩმა. ზოგიერთი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთი წინადადების პროექტს მოუმზადებლად თვლის და აცხადებს, რომ უშიშროების საბჭო უნდა დაელოდოს მიმდინარე გამოძიების დასრულებას. სხვების ინფორმაციით, რუსეთი ოფიციალურად არ ეწინააღმდეგება პროცესს. რუსეთის თანხმობა გაეროს ნებისმიერი ტრიბუნალის გამართვაზე მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე.

XS
SM
MD
LG