Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია


თბილისში იმყოფება ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, რომელსაც რესპუბლიკელი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. კონგრესმენებთან დღევანდელი შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს მის უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობა და აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვის გააქტიურების გზები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრები – გიორგი კვირიკაშვილი, თამარ ბერუჩაშვილი, თინა ხიდაშელი და თეა წულუკიანი.

XS
SM
MD
LG