Accessibility links

logo-print

"ამნესტი" აკრიტიკებს ბალკანეთის ქვეყნებს მიგრანტებთან ცუდი მოპყრობისთვის


„ამნესტი ინტერნეშნლის“ მიერ 7 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ბალკანეთის ქვეყნებს ადანაშაულებენ მიგრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობაში. ლაპარაკია მიგრანტებზე, რომლებიც გაურბიან ომს, სიღარიბეს და ბალკანეთის ქვეყნების გავლით ევროკავშირში მოხვედრას ცდილობენ. „ათასობით ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი და მიგრანტი - მათ შორის ბავშვები - გადიან სახიფათო გზას ბალკანეთის გავლით და ხდებიან ხელისუფლებისა და კრიმინალური ბანდების მხრიდან ძალადობრივი მოპყრობის, გამოძალვის მსხვერპლი“. მიგრანტები გაურბიან ომს, სიღარიბესა და დევნას, თუმცა „ევროკავშირის მიგრაციის სისტემა მათ სერიოზულად უცრუებს იმედებს და ტოვებს დაუცველად სერბეთსა და მაკედონიაში“, - წერია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშში. ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანტთა რაოდენობის ზრდის ფონზე იზრდება ზეწოლა სერბეთსა და მაკედონიაზე, - განაცხადა „ემნისტი ინტერნეიშენალის“ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ გაური ვან გულიკმა. მან ბალკანეთის ქვეყნებს უწოდა შემკრები აუზი ლტოლვილთა და მიგრანტთა ჭარბი ნაკადისა, რომლის მიღებაც ევროკავშირში არავის სურს“. ბევრმა მიგრანტმა „ამნესტის“ უთხრა, რომ მათ აიძულებენ პოლიციისთვის ქრთამის გადახდას - 100 ევრომდე თანხის მიცემას - იმისათვის, რომ ისინი ბალკანეთის ქვეყნების ტერიტორიაზე გაატარონ. გასულ თვეში სერბეთში 29 პოლიციელი და საბაჟოს 9 თანამშრომელი დააკავეს. ისინი კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილი და ბრალად ედებათ ქრთამის სანაცვლოდ უნგრეთის საზღვრისკენ მიგრანტების უკანონოდ გატარება.

XS
SM
MD
LG