Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ შეაჯამა შედეგები ერთწლიანი სახელმწიფო პროგრამისა "აწარმოე საქართველოში"


საქართველოს მთავრობამ შეაჯამა შედეგები ერთწლიანი სახელმწიფო პროგრამისა "აწარმოე საქართველოში". ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაიწყო 90 ახალი პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო მოცულობა 252 მილიონ ლარს აღემატება. ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში კომერციულმა ბანკებმა კერძო სექტორისთვის გასცეს 122 მილიონ ლარამდე სესხი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 90 ახალი პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში დასაქმდება 5 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 3 900-მდე იქნება პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა. „სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ მოსახლეობის 50% სიღარიბეში ცხოვრობს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ არ გამოიყენოს ქვეყანაში არსებული თითოეული რესურსი. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შედეგების გარდა ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა იაფი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის მონაწილეებს სესხის მხოლოდ 1-2%-ის გადახდა უწევთ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ მეწარმეებს და ფერმერებს სახელმწიფო სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს მის საკუთრებაში არსებულ შენობებს და მიწის ფართობებს და კომერციულ ბანკებთან ურთიერთობისას 50%-იან გარანტიას გასცემს. „ეს არის უდიდესი ხელშეწყობა და ასეთი პირობები თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაშიც კი, ამიტომ, ამ უნიკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საჭიროა მეწარმეთა გააქტიურება“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისი ინფორმაციით, იაფი აგროკრედიტის პროგრამით სახელმწიფომ ბოლო ორ წელიწადში 132 საწარმო დააფინანსა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ამ პროგრამების დახვეწას გეგმავს. „საჭიროა გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ეკონომიკის გაძლიერება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, მის გუნდს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

XS
SM
MD
LG