Accessibility links

logo-print

საბერძნეთს არ შეუთავაზებია „კონკრეტული წინადადებები“ ევროზონის ფინანსთა მინისტრებისათვის


მალტის პრემიერ-მინიტრის, ჯოზეფ მუსკატის განცხადებით, საბერძნეთს არ შეუთავაზებია „კონკრეტული წინადადებები“ ევროზონის ფინანსთა მინისტრებისათვის, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, წარმოადგინოს ახალი გეგმა საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. მალტის პრემიერ-მინისტრმა 7 ივლისს „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ ეს გარემოება ხელს არ შეუწყობს 7 ივლისის საღამოს ბრიუსელში ევროზონის ლიდერების შეხვედრას. ინფორმაციით, რომელიც საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება, ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი შეხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. წინასწარი ინფორმაციით, ციპრასის გეგმა მოიცავს საბერძნეთის ვალების 30%-ის ჩამოწერის მოთხოვნას მას შემდეგ, რაც 5 ივლისის რეფერნდუმზე ბერძნებმა უარი თქვეს უცხოეთიდან დახმარების ახალ პაკეტთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ციპრასს მოუწოდა, გამოვიდეს „სერიოზული დამაჯერებელი წინადადებებით“ ევროზონაში საბერძნეთის დასარჩენად. საბერძნეთის ბანკები დახურული დარჩება, სულ ცოტა, 9 ივლისამდე და შიშობენ, რომ ნაღდი ფულის რეზერვი მალე ამოიწურება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 7 ივლისს, სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, დაადასტურა საბერძნეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისათვის მზადყოფნა: „ბურთი, სრულიად აშკარად, საბერძნეთის მთავრობის მოედანზეა! საბერძნეთის მთავრობამ დღეს ბრიუსელში უნდა განმარტოს, როგორ აპირებს წინსვლას ასეთ ვითარებაში. ჩვენი მხრივ, ევროკომისია და მისი პრეზიდენტი მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გონივრული განრიგით შეთანხმებას მივაღწიოთ“.

XS
SM
MD
LG