Accessibility links

logo-print

ჯონ მაკკეინმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის


აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენატორი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ კემპბელთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, სადაც ჯონ მაკკეინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები. „ქართველი სამხედროები პერიმეტრს გარეთ ძალიან სახიფათო და რთულ მისიას ასრულებენ და უზრუნველყოფენ ჩვენი მოკავშირეების, სამხედროების და საზღვაო ქვეითების უსაფრთხოებას“ - განაცხადა ჯონ მაკკეინმა. მისივე თქმით, აშშ მადლიერია იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთის მისიაში. სენატორმა მაკკეინმა აღნიშნა, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის, გენერალ კემპბელის შეფასებით, ქართველები კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან. „ისინი ურთულეს საქმეს აკეთებენ, რაც პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს მოითხოვს და სწორედ ასეთები არიან ქართველი სამხედროები“ - განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.

XS
SM
MD
LG