Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და სენატორებმა იმსჯელეს ირანთან შეთანხმების საკითხზე


8 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა და დემოკრატმა სენატორებმა თეთრ სახლში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე იმსჯელეს. სენატორმა ქრის კუნსმა განაცხადა - ობამა არ იყო დარწმუნებული დათანხმდება, თუ არა ირანი აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ წამოყენებული ზოგიერთი მკაცრი პირობის შესრულებას. სენატორ ბენ კარდინის თანახმად, ობამამ აღნიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე ირანმა ინსპექტორებს ყველა ობიექტის, მათ შორის - სამხედრო ობიექტების დათვალიერების ნება უნდა დართოს . ობამამ „არ იცის, შედგება, თუ არა შეთანხმება, მაგრამ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს შეთანხმებას, რომელიც არ პასუხობს ყველა ამოცანას“, რომ ირანმა არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი, - განაცხადა სენატორმა კარდინმა. სენატორ ქრის მერფის განცხადებით, ბარაკ ობამას „სურს სრულიად ნათელი იყოს, რომ მას არ ეჩქარება შეთანხმების ხელმოწერა და ის დატოვებს მოლაპარაკებების მაგიდას, თუკი არ იქნება მიღწეული კარგი შეთანხმება“. მერფის თანახმად, ობამამ სენატორებს უთხრა, რომ შეთანხმება ჯერ არ არსებობს და ცნობების გავრცელება იმის შესახებ - რა წერია შეთანხმებაში, ნაადრევია. აშშ-ის პრეზიდენტმა სენატორებს მოუწოდა არ დაეყრდნონ ირანის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, როცა სურთ ინფორმაციის მოპოვება შეთანხმების სტატუსზე, რადგან ისინი არასწორად აკეთებენ იმ საკითხების ინტერპრეტაციას, რაც მოლაპარაკებათა მაგიდასთან განიხილება.

XS
SM
MD
LG