Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კონტრაქტს მოაწერს ხელს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ის ხელს მოაწერს მეორე კონტრაქტს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მეორე კონტრაქტის მიზანი რამდენიმე კვირის წინ შეძენილი სისტემის ეფექტიანობის გაზრდაა.უცნობია, რა ტიპის და რა ფასის თავდაცის სისტემების შეძენაზეა საუბარი.

„ჩვენ პირველი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვთქვით, რომ ეს დასაწყისი იყო, რადგან სისტემას შეიძლება დააშენო ძალიან ბევრი რამ იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ საფრანგეთთან პირველ კონტრაქტს 15 ივნისსმოაწერა ხელი.

„მოგეხსენებათ, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამ სისტემას შეიძლება დააშენო ძალიან ბევრი, იმის მიხედვით, რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლავე, პირველივე ეტაპზე, უკვე მეორე ნაწილი ამ კონტრაქტის გავაფორმოთ და დავიწყოთ საუბრები მისი განვითარების შემდგომ ეტაპებზე“.

თინა ხიდაშელის თქმით, ამ მეორე ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება ერთი ციკლი და გაგრძელდება მოლაპარაკებები დანარჩენ მიმართულებებზე. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, თინა ხიდაშელის თქმით, ის შეხვდება პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც ნდობის ჯგუფის სხდომა შეიკრიბება, მოეწყობა პრეზენტაცია მთავრობისთვის და, რასაკვირველია, ქვეყნის მთავარსარდლისთვის.

15 ივნისს კითინა ხიდაშელმა, საფრანგეთში პირველი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ,განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება „მაქსიმალურად მომგებიანია ქვეყნისთვის. სისტემა მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თვადაცვისუნარიანობის გაძლიერებას“. თუმცა უცნობია მთავარი: რა ტიპისაა და რა ღირებულების თავდაცვის იარაღი.საიდუმლოდ დატოვა ეს საკითხები თავდაცვის მინისტრმა მოგვიანებით გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარებშიც. თავდაცვის მინისტრმა ის კომპანიაც კი არ დაასახელა, რომელთანაც 15 ივნისს, საფრანგეთში გამართული საავიაციო გამოფენის ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა.

ფრანგული რადიოლოკაციური სადგურის „ჯიემ 200“-ის მაკეტი მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, სწორედ ეს მობილური რადიოლოკაციური სადგური იქნა შეძენილი. რაც შეეხება მეორე ხელშეკრულებას, რასაც უნდა მოეწეროს ხელი და უკვე სხვა ფირმასთან, არც ამას აკონკრეტებს თავდაცვის მინისტრი...
ირაკლი ალადაშვილი

თინა ხიდაშელმა 10 ივლისს, საფრანგეთში გამგზავრებამდე, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს მეორე ხელშეკრულებას და შესაბამისი აღჭურვილობა შეიძინოს. თუმცა, თავის დროზე, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია ხელისუფლებას ადანაშაულებდა საფრანგეთში თავდაცვითი იარაღის შესაძენად გასაფორმებელი ხეკშეკრულების ჩაშლაში, რასაც, მისი ვარაუდით, მოჰყვა თანამდებობიდან მისიგადაყენებაც და ე.წ. კაბელების საქმის დაწყებაც. ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შემდეგ დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო კონფიდენციალობას იცავს, 15 ივნისისხელმოწერის მაგიდაზე განთავსებული იარაღის მაკეტები გარკვეული მინიშნებების მატარებელია. ამასთან, შესაძენ თავდაცვის შეიარაღებაზე საუბრისას ირაკლი ალადაშვილი თავის ვარაუდს გამოთქვამს და ამბობს, რომარჩევანი სულ სამი ან ოთხი ტიპის შეიარაღებას შორის შეიძლება იყოს, იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის სისტემებს აწარმოებენ ესკომპანიები:

„ფრანგული რადიოლოკაციური სადგურის „ჯიემ 200“-ის მაკეტი მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, სწორედ ეს მობილური რადიოლოკაციური სადგური იქნა შეძენილი. რაც შეეხება მეორე ხელშეკრულებას, რასაც უნდა მოეწეროს ხელი და უკვე სხვა ფირმასთან, არც ამას აკონკრეტებს თავდაცვის მინისტრი, მაგრამ არის ვარაუდი, რომ ეს შეიძლება იყოს საზენიტო-სარაკეტო სისტემა ან კომპლექსი. ანუ ერთია რადიოლოკატორი, რომელიც აღმოაჩენს და საჰაერო სივრცის კონტროლს ახდენს და მეორეა, შემდგომში თუ საჭირო იქნება, აღმოჩენილი საჰაერო ობიექტის ჩამოგდება ან დაზიანება მოხდეს. ეს ჩემი ვარაუდია“.

თავდაცვის სამინისტროს იმდენად გასაიდუმლოებული აქვს ინფორმაცია, რომ რაიმე ლოგიკური აზრის გამოტანა უჭირს ექსპერტს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას. მას იმის თქმაც კი უჭირს, არის თუ არა ეს ირაკლი ალასანიას მიერ დაწყებული პროცესის დასასრული, თუმცა, მისი თქმით, საკითხის ასე გასაიდუმლოება არასერიოზულია:

„მხარე, რომელიც უზრუნველყოფს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს, ის თვითონ გაასაჯაროებს ამ კონტრაქტს. ჯერ ერთი, ყველა ეს კონტრაქტი ფიქსირდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეესტრში. განსაკუთრებით საფრანგეთი ამ კონტრაქტს გაასაჯაროებს სრულმასშტაბიანად. მაგალითისთვის გავიხსენოთ „მისტრალის“ კონტრაქტი. ეს არ იყო საიდუმლოების ბურუსით მოცული და როცა საუბარია საქართველოსა და ნატოს წევრ სახელმწიფოს შორის თავდაცვითი ტიპის შეიარაღების გადმოცემაზე, აქ რაღაც ტიპის საიდულოზე ლაპარაკი ალოგიკური და არასერიოზულია“.

ვახტანგ მაისაიას თქმით, თუ საქმის გასაიდუმლოება რუსეთისთვის ინფორმაციის დამალვაზეა გათვლილი, არასერიოზულია, ვინაიდან კონტრაქტის შინაარსი მალე გახდება ცნობილი ყველასთვის.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG